პროექტისთვის „ERTAD ოჯახების გაძლიერებისთვის“ უკვე შეირჩა 34 ოჯახის გაძლიერების კონსულტანტი, რომელთა გადამზადების პროცესი დაიწყო.
31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, შერჩეული კონსულტანტებისთვის ჩატარდა სიღარიბის დაძლევის (UPG - Ultra-Poor Graduation) მეთოდოლოგიის, მისი პრინციპებისა და სტრატეგიული მიმართულებების ინტენსიური მოსამზადებელი ტრენინგი, რომელიც მიზნად ისახავდა მონაწილეების ცოდნის ამაღლებას და საჭირო უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას, რაც დაეხმარება მათ ოჯახებთან მუშაობის პროცესში.
ინტენსიური სასწავლო კურსი ასევე მოიცავდა შემდეგ თემებს: სოციალური დაცვა, ბავშვის უფლებები და კანონმდებლობა, შშმ პირებთან დაკავშირებული საკითხები, გენდერული თანასწორობა და ინკლუზია, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობა, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა, ოჯახის შეფასება, ინდივიდუალური გეგმის შედგენა, ოჯახში ვიზიტების პროცედურა და მიდგომები და სხვა. სესიები სიტყვით გხსნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ, რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კონსულტანტებს წარმატება უსურვა.
ტრენინგის დასასრულს კონსულტანტებს გადაეცათ მათთვის შემუშავებული გზამკვლევი, რომელიც ეფუძნება World Vision-ის და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) საერთაშორისო გამოცდილებას და დაეხმარება მათ UPG მიდგომების დანერგვაში.
მიღებული ცოდნა ოჯახების გაძლიერების კონსულტანტებს საშუალებას მისცემს უფრო ეფექტურად იმუშაონ ოჯახებთან, დაეხმარონ მათ დასახული მიზნების მიღწევაში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პროექტის წარმატებით განხორციელებას ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის მიმართულებით.
ტრენინგი შემუშავდა და ჩატარდა ლტოლვილთა დანიის საბჭო საქართველოს (DRC) მიერ, World Vision საქართველოს და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აქტიური ჩართულობით.
პროექტი „ERTAD - ოჯახების გაძლიერებისთვის“ საქართველოში ხორციელდება კონსორციუმის წევრების - World Vision გერმანიის, World Vision საქართველოს, ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს (DRC) და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.
{{reset.message}}