ახალგაზრდა მეწარმეები ცვლილებებისთვის - სოციალური მეწარმეობის რეგიონული ფორუმი
20 მაისი

World Vision საქართველო მხარს უჭერს ახალგაზრდა მეწარმეებს ინოვაციური იდეების რეალიზებაში. SKYE NET პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდული სოციალური მეწარმეობის განვითარებას საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში.

მაისში, ახალგაზრდა ქართველი მეწარმეები მონაწილეობდნენ სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო ფორუმში, რომელიც გახდა დიალოგისა და თანამშრომლობის პლატფორმა რეგიონის სამ ქვეყანას შორის — საქართველო, სომხეთი და მოლდოვა.

ფორუმზე წარმოდგენილი იყო სოციალური მეწარმეობის სახელმძღვანელო, რომელიც შემუშავდა IRIS Business Incubator-ის მიერ. ის წარმოადგენს პრაქტიკულ გზამკვლევს და ეხმარება ახალგაზრდებს კრეატიულ აზროვნებაში, ხელს უწყობს მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული სოციალური საწარმოების შექმნას და განკუთვნილია როგორც განათლების განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის, ისე ბიზნეს მენტორებისა და SKYE კლუბებისთვის.

World Vision საქართველოს ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორმა, ირაკლი გიორბელიძემ, წარადგინა ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის სისტემების რეგიონული ანალიზი. მან ისაუბრა მხარდაჭერის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე და წარმოადგინა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც წაახალისებს რეგიონულ თანამშრომლობას სფეროში.

პანელურ დისკუსიაში, ექსპერტებმა და ახალგაზრდა ლიდერებმა ერთად განიხილეს:

  • ახალგაზრდების მიერ შექმნილი სოციალური საწარმოების გავლენა თემის განვითარებაზე
  • საერთო გამოწვევები და შესაძლებლობები რეგიონში
  • საჯარო პოლიტიკისა და მხარდაჭერის სისტემების როლი
  • როგორ ეხმარებიან ინკუბატორები და აქსელერატორები დაფინანსების მოზიდვას.

ფორუმის დასასრულს, მონაწილეები ეწვივნენ მოლდოვაში არსებულ სოციალურ საწარმოებს, რათა საკუთარი თვალით ენახათ, როგორ შეიძლება ბიზნესმა შექმნას სოციალური ღირებულება. მონაწილეები ახალი იდეებით შთაგონებული დაბრუნდნენ და უკვე თავიანთ თემებში გააგრძელებენ სოციალური მეწარმეობის პრაქტიკული მოდელების შექმნაზე მუშაობას.

„სოციალური მეწარმეობის სახელმძღვანელო ჩემთვის ძალიან ღირებული და შთამაგონებელი რესურსი აღმოჩნდა. განსაკუთრებით გამიხარდა შეხვედრა ახალგაზრდა მეწარმეებთან საქართველოდან, სომხეთიდან და მოლდოვადან — მათი იდეების გაზიარება და იმ ინიციატივების გაცნობა, რომლებსაც უკვე წარმატებით ახორციელებენ. ადგილობრივი სოციალური საწარმოების ადგილზე ნახვამ კიდევ უფრო კარგად დამანახა, თუ როგორ შეიძლება ბიზნესი საზოგადოებრივ სიკეთესაც ემსახურებოდეს. მჯერა, რომ მსგავსი ფორუმები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ქვეყნების პარტნიორობასა და სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარებისთვის,“ — ამბობს ეკატერინე, ფორუმის მონაწილე საქართველოდან.

ერთად ვქმნით მომავალს, სადაც ახალგაზრდული საწარმოები რეალურ, გრძელვადიან ზემოქმედებას ახდენს საზოგადოებაზე.