ევროკავშირის ელჩი World Vision საქართველოს SKYE კლუბის ახალგაზრდებს შეხვდა
24 მარტი

ევროკავშირის ელჩი ბატონი პაველ ჰერჩინსკის World Vision საქართველოს კახეთის ოფისს ეწვია და  ახალგაზრდებს შეხვდა.

უკვე მეორე წელია ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფუნქციონირებს ახალგაზრდული კლუბები, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ უნარების განვითარება და ახალი ცოდნის მიღება, რაც მათ სამომავლო წარმატებასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება. 

კახეთში არსებული ახალგაზრდული კლუბის წევრები სიხარულით შეხვდნენ ელჩს, მასთან საინტერესო დისკუსია გამართეს, კლუბში შეძენილი გამოცდილება გაუზიარეს და ბევრი კითხვაც დაუსვეს. ბავშვების თქმით, სოფლებში მწირი რესურსია ახალგაზრდებისთვის, შესაბამისად SKYE (Skills and Knowledge for Youth Economic Opportunities / ცოდნისა და უნარების გაძლიერების) კლუბი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოზარდების გაძლიერებასა და განვითარებაში. 
🇪🇺ევროკავშირი წლებია მხარს უჭერს ახალგაზრდებს და კვლავ განაგრძობს მათ კეთილდღეობაზე ზრუნვას. ამ წლების მანძილზე ადგილობრივმა ახალგაზრდებმა მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღეს:

  • ჩამოყალიბდა 26 ახალგაზრდული SKYE კლუბი.
  • 5200-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო დასაქმებისთვის პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა.
  • 60 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ ისარგებლა სათემო ინიციატივებით.
  • ახალგაზრდა ლიდერების ჩართულობით 100-ზე მეტი  სათემო პროექტი განხორციელდა მუნიციპალიტეტებში.
  • ბავშვთა დაცვის საკითხებისადმი ინტერესი, ჩართულობა და ლობირება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

SKYENET - "ცოდნისა და უნარების გაძლიერების პლატფორმა ახალგაზრდებისთვის“ ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს აძლევს ახალ შესაძლებლობებს; სძენს ცოდნას, ღირებულ გამოცდილებას და ასევე აკავშირებს სხვა ქვეყნის თანატოლებთან. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ EU4Youth პროგრამის ფარგლებში და რამდენიმე ქვეყანაში ხორციელდება World Vision საქართველოს, World Vision სომხეთის, MilleniuM ტრენინგის და განვითარების ინსტიტუტისა (მოლდოვა) და IRIS ბიზნეს ინკუბატორის (სომხეთი) მიერ.