World Vision საქართველომ მოწყვლად ოჯახებს სასურსათო ამანათები დაურიგა
23 მაისი

World Vision აგრძელებს უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების მხარდაჭერას საქართველოში. პროექტის „ერთად - ოჯახების გაძლიერებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა ოჯახების შეფასება და გამოიკვეთა კონკრეტული საჭიროებები. საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით, სამიზნე რეგიონებში შერჩეულ მოწყვლად ოჯახებს ამანათები გადაეცა, რომელიც მოიცავდა საკვებ პროდუქტებსა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს. პროექტის ფარგლებში ყველა სამიზნე რეგიონში (კახეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო, აჭარა) მცხოვრები ოჯახები ეტაპობრივად მიიღებენ მსგავსს დახმარებას.

პროექტის მიზანია საქართველოში სიღარიბის შემცირება UPG მოდელის მეშვეობით, რომელიც მოიაზრებს უკიდურეს სიღარიბეში მყოფი პირების დახმარებას საჭირო რესურსით და მათ მხარდაჭერას სწავლება-გადამზადების გზით, რომელიც მოიცავს  პროფესიის ათვისებას/დასაქმებას, საკუთარი ფინანსების მართვის შესწავლას, უნარების განვითარებასა და სოციალური მხარდაჭერას. პროექტში ჩართულია 780 ოჯახი, რომელთანაც 40-მდე ოჯახის გაძლიერების კონსულტანტი მუშაობს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. 

პროექტი „ერთად“ ხორციელდება World Vision გერმანიის, World Vision საქართველოსა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) კონსორციუმის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.