ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ხელმძღვანელი საქართველოში ალექსანდრე კარნერი World Vision საქართველოს ოფისს ესტუმრა მიმდინარე პროგრამების შედეგების გასაცნობად.
World Vision აქტიურად მუშაობს ბავშვთა დაცვისა და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების მიზნით და სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობას ახორციელებს ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული მიმართულებით ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავს: ბავშვზე ზრუნვის მომსახურებების გარე მონიტორინგის მექანიზმის შემუშავებას, ადვოკატირებას საკანონმდებლო დონეზე ბავშვის უფლებათა კოდექსის ეფექტური განხორციელებისთვის, უწყებათაშორისი კოორდინაციის ხელშეწყობას ეროვნულ და მუნიციპალურ დონეზე, სოციალური მუშაკებისა და მედ პერსონალის გადამზადებას რეფერირების და რეაგირების პროცესების გასაუმჯობესებლად , საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების აღჭურვას საჭირო ტექნიკური და მატერიალური რესურსით და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი საკითხებისა და იმუნიზაციის შესახებ.
შეხვედრაზე World Vision საქართველოს დირექტორმა და თანამშრომლებმა ბატონ კარნერს გააცნეს ქვეყანაში ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის მიმართულებით არსებული მდგომარეობა, ორგანიზაციის მიღწევები და ის გამოწვევები, რაც თანმიმდევრულ მუშაობას საჭიროებს.
ვიზიტის ფარგლებში ADA-ს ხელმძღვანელი შეხვდა ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეს პარლამენტში, სადაც „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ აღსრულების მონიტორინგის გეგმა განიხილეს, რომელიც World Vision საქართველომ და საბჭომ ერთობლივად შეიმუშავეს. ის ასევე დაესწრო ოჯახის ექიმების ტრენინგს და მოისმინა მონაწილეების პოზიტიური შეფასებები კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო მოდულების და გადამზადების პროცესისშესახებ. დღის ბოლოს მან ასევე მოინახულა World Vision საქართველოს დღისა და 24-საათიანი მომსახურების ცენტრი, რომელიც ყოველდღიურ მომსახურებას უწევს ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს, ცენტრში მას საშუალება ჰქონდა პირადად გაეცნო ბავშვები, მათი აღმზრდელები და მოესმინა მათი ისტორიები და საჭიროებები.
“მთავარი გზავნილი "არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა" სრულად ასახავს იმ ხარდაჭერას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ განვითარების თანამშრომლობის დახმარებით საქართველოში. აღტაცებული ვართ ჩვენი პარტნიორის, World Vision საქართველოს მუშაობით, რომლის მოწოდებაა იმ ბავშვების დახმარება, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება და მათი განვითარებისთვის და სრულფასოვანი მომავლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა“, - განაცხადა ალექსანდრე კარნერმა.
დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს საიმედო პარტნიორს ავსტრიის განვითარების სააგენტოს თანამშრომლობისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ ერთად კიდევ ბევრ სასიკეთო ცვლილებას განვახორციელებთ მომავალშიც.
{{reset.message}}