ევროკავშირის მხარდაჭერით World Vision საქართველომ ახალი პროექტი დაიწყო ახალგაზრდების მხარდასაჭერად
11 დეკემბერი

ევროკავშირის მხარდაჭერით,  World Vision საქართველომ დაიწყო ახალი პროექტი SKYE NET – „ცოდნისა და უნარების გაძლიერების პლატფორმა ახალგაზრდებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების, განსაკუთრებით მოწყვლადი  ჯგუფების, აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ, დემოკრატიულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მათი ციფრული, სოციალური მეწარმეობისა და კარიერული მართვის უნარების განვითარების გზით. პროექტის ოფიციალური გახსნას დაესწრნენ პროექტის დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ღონისძიების საპატიო სტუმარი იყო, სიმონა გაიდიტე, ცენტრალური პროექტების მართვის სააგენტოს“ პროექტების მენეჯერი, რომელმაც ხაზი გაუსვა რეგიონში ახალგაზრდების გაძლიერებისა და განვითარების მნიშვნელობას. ეკატერინე გურგენაძემ, World Vision საქართველოს დირექტორმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ახალგაზრდები აწყდებიან ქვეყანაში და მათი აღმოფხვრის აუცილებლობაზე.

„World Vision წლებია თანამშრომლობს ევროკავშირთან  და წარმატებით ახორციელებს ბავშვებისა და  ახალგაზრდების მხარდამჭერ პროგრამებს საქართველოში. აღნიშნული პროექტიც იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ახალგაზრდა თაობის კეთილდღეობის მიმართულებით. ჩვენი მიზანია დავძლიოთ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში, რაც არის ახალგაზრდების პასიურობა. კერძოდ,  ახალგაზრდების 76% არ არის ჩართული  სამოქალაქო აქტივიზმში, რაც საბოლოოდ ასევე განაპირობებს ქვეყნიდან ახალგაზრდა სეგმენტის გადინებას; ბოლო 10 წელიწადში მაჩვენებელმა 12%-ს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ორგანიზაცია, მათ შორის ჩვენ, აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, საგანგაშო სტატისტიკა  მიუთითებს იმაზე, რომ კიდევ მეტის გაკეთება გვმართებს ამ კუთხით,“ - აღნიშნა ეკატერინე გურგენაძემ. 

შეხვედრაზე World Vision საქართველოს ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერმა ირაკლი გიორბელიძემ ისაუბრა პროექტის მიზნებსა და სამომავლო აქტივობებზე და დამსწრე საზოგადოებას გააცნო ორგანიზაციის გამოცდილება და მიღწევები ახალგაზრდული მიმართულებით. ახალგაზრდობა საზოგადოების მნიშვნელოვანი სეგმენტია, რომელსაც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამ პოტენციალის სრული რეალიზებისთვის აუცილებელია, სახელმწიფოში არსებობდეს სათანადო პირობები და ტარდებოდეს თანმიმდევრული ახალგაზრდული პოლიტიკა. ევროკავშირის მხარდაჭერით მრავალი წელია საქართველოში ხორციელდება ახალგაზრდების მხარდამჭერი პროგრამები. აღნიშნული პროექტიც სწორედ  ევროკავშირის მიერ EU4Youth პროგრამის ფარგლებში არის დაფინანსებული და ხორციელდება WORLD VISION საქართველოს, WORLD VISION სომხეთის, MilleniuM ტრენინგისა და განვითარების ინსტიტუტისა (მოლდოვა) და IRIS ბიზნეს ინკუბატორის (სომხეთი) მიერ. შესაბამისად, პროექტი ემსახურება  ახალგაზრდების გაძლიერებას და მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას აღნიშნულ ქვეყნებში. 

რადგან საქართველოში საშუალოდ ყოველი მესამე ახალგაზრდა არ მუშაობს და არც რაიმე სახის საგანმანათლებლო სახის აქტივობაში არის ჩართული, მნიშვნელოვანია მათთვის მეტი შესაძლებლობის გაჩენა, რაც გააქტიურებს მოწყვლად ახალგაზრდებს. ამ გამოწვევაზე საპასუხოდ, პროექტის ფარგლებში დაარსდება 10 ახალგაზრდული კლუბი, საქართველოს 5 რეგიონში (სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი), რომელიც გააერთიანებს 500-ზე მეტ ახალგაზრდას. აღნიშნული კლუბების მეშვეობით ერთი წლის მანძილზე ახალგაზრდები შეძლებენ შეიძინონ მეწარმეობისთვის საჭირო ცოდნა, გამოიმუშაონ ლიდერობისა და ციფრული უნარები, რაც მათ დაეხმარება თვითრეალიზებაში. ასევე პროექტის ფარგლებში, World Vision საქართველო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 10 სოციალურ საწარმოს (წარმატებულ ბიზნეს იდეას)  დააფინანსებს საშუალოდ 5000 ევროს ოდენობით, რაც ახალგაზრდა დამწყებ მეწარმეებს დაეხმარება თავიანთი საქმის წამოწყებაში. 

რადგან ქვეყანაში საზოგადოებას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია სოციალური მეწარმეობის და მისი დადებითი გავლენის შესახებ,  SKYE NET პროექტი ასევე მოიაზრებს ცნობიერების ამაღლების კამპანიებისა და რეგიონული ფორუმების ჩატარებას, სოციალური მეწარმეობის პოპულარიზებისთვის. სოციალურ მეწარმეობას აქვს დიდი პოტენციალი  შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი ქვეყნის განვითარებაში. ევროკავშირის კრიტერიუმების მიხედვით, სოციალური მეწარმეობა განიმარტება შემდეგნაირად: სოციალური საწარმო არის ბიზნეს პრინციპებით მოქმედი საწარმო, რომელსაც მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული ბიზნესებისგან განსხვავებით, აქვს სოციალური მისია. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც იყენებს ბიზნესის მიდგომებს საზოგადოებრივი პრობლემების მოსაგვარებლად. რაც მთავარია, მას შეუძლია მრავალმხრივი სარგებლის მოტანა: ის ხელს უწყობს მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებას; არის სოციალური ინტეგრაციის მექანიზმი; შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი გარემოსდაცვითი, კულტურული, არაფორმალური განათლების სფეროებში და სიღარიბის დასაძლევად არის ეფექტური მექანიზმი.

პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარ ახალგაზრდებს საქართველოდან, სომხეთიდან და მოლდოვიდან, ვინც გადამზადდება კურსის მეშვეობით, საშუალება ექნებათ მწვანე და ციფრული მიდგომებისა და ტრანსფორმაციის შესახებ მიღებული ცოდნა და პრაქტიკები ერთმანეთს გაუზიარონ, საერთაშორისო პლატფორმის მეშვეობით, რომელიც სპეციალურად პროექტის ფარგლებში შეიქმნება. SKYE NET პროექტის დასკვნით ეტაპზე დამზადდება სახელმძღვანელო, სადაც წარმოდგენილი იქნება წარმატებული სოციალური საწარმოების შესახებ ინფორმაცია, ასევე სოციალურ მეწარმეობაში არსებული გამოწვევები და რეკომენდაციები, რომლის ლობირება მოხდება პარტნიორ სახელმწიფო უწყებებთან. 

პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად 10 000-ზე მეტი ადამიანი აიმაღლებს ცოდნას სოციალური მეწარმეობის შესახებ, 1000-მდე ახალგაზრდა გადამზადდება და 50-მდე სოციალური საწარმო დაფინანსდება სომხეთში, მოლდოვასა და საქართველოში, რაც  განაპირობებს ახალგაზრდების გააქტიურებას, ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას/თვითდასაქმებასა და რეალიზებას.