COVID 19-მა მსოფლიოს არაერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, უდიდესი გამოწვევების წინაშე დააყენა და რიგი პრობლემები გამოიწვია სხვადასხვა მიმართულებით. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების თანამშრომლებს მოუწიათ ფრონტის წინა ხაზზე მუშაობა COVID 19-თან გასამკლავებლად, რადგან სწორედ მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების და მათი ეპიდემიოლოგების მოვალეობაა სხვადასხვა დაავადების პრევენცია და საზოგადოების ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ზრუნვა. კერძოდ, მათ რუტინული და მასობრივი აცრების განხორციელებისა და ბავშვთა კალენდარული აცრების დაგეგმარების გარდა, უწევთ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება ეპიდემიებისა და ეპიდაფეთქებების თავიდან ასაცილებლად. შესაბამისად, პანდემიის დროს კიდევ მეტად გამოიკვეთა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების როლი და მათი მნიშვნელობა, თუმცა სწორედ პანდემიის პერიოდში გამოვლინდა მთელი რიგი გამოწვევები; აღმოჩნდა, რომ ცენტრებს არ გააჩნდათ საკმარისი რესურსი და არ იყვნენ სათანადოდ აღჭურვილი COVID 19-თან ეფექტურად საბრძოლველად.
სწორედ ამ პრობლემის საპასუხოდ და ჯანდაცვის სერვისების გაძლიერების მიზნით, World Vision საქართველომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს გაუწია მათ საჭიროებებზე მორგებული ტექნიკურ-მატერიალური დახმარება და გადასცა სამედიცინო და საოფისე ინვენტარი. აღნიშნული მხარდაჭერა განხორციელდა World Vision საქართველოსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ერთობლივი პროექტის „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA-ს) მიერ. პროექტი მიზნად ისახავს COVID-19-ით დაზარალებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერებას საქართველოში და იმ გამოწვევებზე რეაგირებას, რომლის წინაშეც დადგნენ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები მათ შორის ბავშვები, ხანდაზმულები, და სხვა ჯგუფები პანდემიის დროს.
პროექტის ფარგლებში, მოხდა 5 რეგიონის სამიზნე მუნიციპალიტეტის (თბილისი, ქუთაისი, ზესტაფონი, ბაღდათი, კახეთი, თელავი, გურჯაანი, ყვარელი, ადიგენი, ახალციხე, ბორჯომი, ბათუმი) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვა: როგორც პროექტის მენეჯერი თამარ კიკვიძე აღნიშნავს, მატერიალურ-ტექნიკური რესურსი დაეხმარება მუნიციპალურ ჯანდაცვის ცენტრებს წარმატებით გაართვან თავი ჯანდაცვის სფეროს არსებულ და სამომავლო გამოწვევებს.
„პროექტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, გავაძლიეროთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრები, რადგან კოვიდ პანდემიის დროს კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, მათი უმნიშვნელოვანესი როლი. შესაბამისად ჯანდაცვის ცენტრები უნდა იყვნენ მზად საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა გამოწვევებთან ან პანდემიებთან გასამკლავებლად. საჭირო სამედიცინო ინვენტარი და ტექნიკა ჯანდაცვის ცენტრებს დაეხმარება არამარტო სხვადასხვა დაავადების პრევენციასა და მოსახლეობაში მათ შესახებ ცნობიერების ამაღლებაში (როგორიცაა ბავშვთა რუტინული ვაქცინაცია, ჰეპატიტები (HepC, HepB), ტუბერკულოზი, აივ-ინფექცია და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები) , არამედ უწყებათა შორისი შეხვედრების ჩატარებასა (მათ შორის ოჯახის ექიმებთან) და კოორდინირებულ მუშაობაში “, - თამარ კიკვიძე.
„მოხარულები ვართ, რომ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იმუნიზაციის პოპულარიზაცია და მისი ხელშეწყობაა. მოგეხსენებათ, კოვიდ პანდემიამ შეაფერხა ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების და იმუნიზაციის პროცესი, როგორც რუტინული ვაქცინაციის ასევე ეპიდ ჩვენებით გათვალისწინებული ახალი ვაქცინით. შესაბამისად, სწორედ მოსახლეობაში ინფორმაციის გავრცელებასა და სოციალური პროგრამების ეფექტურად განხორციელებას მოხმარდება მიღებული რესურსი და ინვენტარი“, - აღნიშნა მანანა რატიანმა, ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა.
როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ განაცხადა, აღნიშნული მოწყობილობები და სამედიცინო ინვენტარი დაეხმარება მუნიციპალიტეტს უფრო ეფექტურად იმუშაოს მოსახლეობასთან. „ორგანიზაცია ძალიან აქტიურად ეხმარება ადიგენის მუნიციპალიტეტს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც World Vision საჭირო რესურსით გვამარაგებს და მხარს გვიჭერს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისკენ მიმართულ საქმიანობებში. მუნიციპალიტეტის სახელით მადლობას ვუხდი ორგანიზაციასა და მის გუნდს“, - განაცხადა მან.
ახალციხის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, მათ საშუალება ჰქონდათ თავიანთი საჭიროებებიდან გამომდინარე შეერჩიათ აუცილებელი ინვენტარი, რომელიც წინა თვეში გადაეცათ და უკვე წარმატებით იყენებენ ყოველდღიურ საქმიანობაში.
„ვფიქრობ, დროული იყო ეს დახმარება ჩვენთვის, რადგან გარკვეული ღონისძიებები უკვე გაწერილი გვაქვს 2023-2024 წწ. ჩვენ მუდმივად დავდივართ სოფლებში, ვმუშაობთ ბაღებთან, სკოლებთან და ვხვდებით პირველადი ჯანდაცვის პერსონალს, რომ დროულად მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია ბავშვების რუტინულ ვაქცინაციასა თუ ჯანდაცვის სხვა საკითხებთან დაკავშირებით,“ - თამილა ადვაძე, ახალციხის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი.
World Vision საქართველო მუდმივად მუშაობს ბავშვთა დაცვის სისტემის გაძლიერების მიმართულებით და ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ პროექტის ფარგლებში, ჩატარდა სამიზნე მუნიციპალიტეტების ქვეშ არსებული ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებების შეფასება, რათა დაედგინათ რეგიონებში იყო თუ არა შექმნილი ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებები, რომლებიც ბავშვთა დაცვის კოდექსით არის გაწერილი. კვლევას ასევე უნდა დაედგინა არსებობის შემთხვევაში, რამდენად კარგად ფუნქციონირებს მულტიგუნდი, რომლის ერთ-ერთ წევრს ჯანდაცვის სპეციალისტი უნდა წარმოადგენს. ამ შეფასების საფუძველზე, გაიმართა სამუშაო შეხვედრები მუნიციპალიტეტის წარმომდგენლებთან და სოციალურ მუშაკებთან, სადაც მოხდა ჩატარებული კვლევის შედეგების განხილვა, გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი სამომავლო გეგმების დასახვა.
სოციალური მუშაკებისა და ოჯახის ექიმების გადამზადების მიზნით, World Vision საქართველომ ჩაატარა ტრენინგების ციკლი შემდეგ თემებზე: ბავშვთა უფლებების დაცვა, ძალადობის ფორმები, ძალადობის იდენტიფიცირების ხერხები, სოციალურ და ჯანდაცვის სფეროებს შორის ბავშვთა რეფერირების საკითხები, რაც მათ კოორდინირებულ მუშაობაში დაეხმარება.
„ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ბავშვის საჭიროებების და შესაძლო რისკების იდენტიფიცირებას და დროულ რეფერირებას, სოციალური და ჯანდაცვის სისტემების კოორდინირებულ მუშაობას, განსაკუთრებით კი, ბავშვზე ძალადობის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში.მაგალითად თუ სოციალურმა მუშაკმა აღმოაჩინა, რომ ბავშვს არ აქვს რუტინული ვაქცინაცია ჩატარებული ან ჯანმრთელობის რაიმე სხვა პრობლემა აღმოაჩნდა, უნდა გადაამისამართოს ჯანდაცვის მომსახურებაში. ასევე, სამედიცინო პერსონალს აქვს ვალდებულება მოახდინოს ძალადობის ნიშნების იდენტიფიცირება მთავრობის 437-ე დადგენილების მიხედვით და სპეციალური ფორმის შევსების საფუძველზე შემთხვევა გადაამისამართოს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში და შინაგან საქმეთა სამინისტროში“, - თამარ კიკვიძე.
ორგანიზაცია მომავალშიც გეგმავს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მრავალფეროვან აქტივობებს პროექტის „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ ფარგლებში. 2024 წელს ასევე დაგეგმილია სასწავლო მოდულების შემუშავება ჯანდაცვის პერსონალისა და სოციალური მუშაკებისთვის და მათი გადამზადება, ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC).
პანდემიის შედეგად შემცირდა რუტინული ვაქცინაციით მოცვა, გაიზარდა ბავშვებზე ძალადობის რისკები იზოლაციის დროს, განსაკუთრებით დაზარალდნენ მოწყვლადი ჯგუფები და სახელმწიფო ზრუნვის სისტემით მოსარგებლე პირები, რომლებსაც მუდმივად ესაჭიროებათ სხვადასხვა სახის მხარდაჭერა. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, მომდევნო წელს დაიწყება მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტის განხორციელებაც, რომელიც სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი და 24-საათიანი მომსახურების სერვისებით მოსარგებლე მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების შეფასებას და აღნიშნული დაწესებულებებისთვის მიზანმიმართული დახმარების გაწევას მოიცავს.
{{reset.message}}