სამუშაო შეხვედრები ბავშვის დაცვის საკითხებზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგებლებთან გრძელდება
24 მაისი

საქართველოში ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, World Vision საქართველომ  სამიზნე მუნიციპალიტეტების და მერიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მართავს. შეხვედრები ტარდება პროექტის ფარგლებში „ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელება საქართველოში - ოჯახების გაძლიერებითა და სოციალური სერვისების განვითარების გზით“, რომელიც ხორციელდება World Vision საქართველოს მიერ ავსტრიის განვითარების სააგენტოს ADA-ს ფინანსური მხარდაჭერით. 

ტრენინგებს უძღვებიან სექტორის ექსპერტები - ეთერ ცხაკაია და ეკა სანებლიძე. ტრენინგი მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ბავშვთა უფლებათა კოდექსი და ბავშვთა უფლებათა კონვენცია, სოციალური მუშაობის სპეციფიკა, ასევე მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახების იდენტიფიცირებასა და რეფერირებაში პროცესში მუნიციპალიტეტის როლის და ჩართულობის მნიშვნელობა. 

შეხვედრებზე ასევე აღინიშნა, რომ მუნიციპალურ სოციალურ პროგრამებში არა მხოლოდ მუხლობრივად გაწერილი პირობების, არამედ უნდა მოხდეს საჭიროებების კვლევა და ბავშვის  ფსიქო-სოციალური მდგომარეობის შეფასების გათვალისწინება. 

შეხვედრების მთავარ სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს მერის მოადგილეები,  ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი პირები, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და სხვა სამსახურების წარმომადგენლები.

World Vision საქართველო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების, სოციალური მუშაობის პროფესიის მხარდაჭერისა და გაძლიერების, მოწყვლადი ბავშვებისთვის სოციალური სერვისების განვითარების მიმართულებით და მომავალშიც გეგმავს მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებას, რათა ხელი შეუწყოს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროს განვითარებას ქვეყანაში.