სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები ჩატარდა
16 ივნისი

World Vision საქართველომ დაასრულა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკების გადამზადება, რომელიც მიზნად ისახავდა სოციალური მუშაკების მხარდაჭერას პროფესიული განვითარების პროცესში. ტრენინგები ჩატარდა პროექტის „ბავშვის უფლებების კოდექსის განხორციელება საქართველოში - ოჯახების გაძლიერებითა და სოციალური სერვისების განვითარების გზით“ ფარგლებში, რომელიც ავსტრიის განვითარების სააგენტოს ADA-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 150 სპეციალისტმა, მათ შორის სოციალურმა მუშაკებმა, პროფესიულმა ზედამხედველებმა და ფსიქოლოგებმა მთელი საქართველოს მასშტაბით.

სოციალური მუშაკის საქმიანობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა, უნარების განვითარება და ცოდნის ამაღლება, რათა მათ სრულფასოვნად, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შეძლონ ყველაზე მოწყვლადი ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა.

„World Vision საქართველოს მხარდაჭერა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსათვის უმნიშვნელოვანესია სისტემური განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით. სააგენტო აქტიურად ცდილობს სოციალური მუშაობის, როგორც მომსახურების გაძლიერებას. World Vision საქართველოს მხარდაჭერით, დაგეგმილი და განხორციელებული გადამზადების კურსი მოიცავდა სოციალური მუშაკებისთვის კონსულტირებას, მოწყვლად ბავშვიანი ოჯახების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ტექნიკებისა და უნარების განვითარებას. ვინაიდან სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ბავშვები და მათი ოჯახები, სპეციალისტებისთვის აუცილებელია ისეთი საკითხების ცოდნა, როგორიცაა კონსულტირება და მისი არსი, მშობლების მხარდაჭერა, პრობლემების იდენტიფიცირება, ქცევითი თავისებურებების ამოცნობა/მართვა და სხვა. სოციალური მუშაკები შეძენილ ცოდნას გამოიყენებენ ყოველდღიურ სამუშაო პროცესში, როგორც სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებულ ბავშვებთან, ასევე ბავშვებთან და ოჯახთან დაკავშირებული ზიანის რისკებისა და საჭიროებების შეფასების სხვადასხვა დონეზე,” - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პროფესიული ზედამხედველობისა და პროექტების დიზაინის სამმართველოს უფროსი, ელენე მარტაშვილი.

ტრენინგები იყო ინტერაქტიური და მოიცავდა ლექციებს, დისკუსიებს, შემთხვევის ანალიზს, გონებრივ იერიშებს, სიმულაციას, როლურ თამაშებს და როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მუშაობას. სატრენინგო პროგრამამ დაფარა მნიშვნელოვანი საკითხები და სპეციალისტებს საშუალება მისცა კიდევ მეტად გაეღრმავებინათ თავიანთი ცოდნა ისეთ თემებზე როგორიცაა: 

  • კონსულტირება, როგორც სოციალური მუშაობის მეთოდი;
  • მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის სახეები; რთული ქცევის მართვა მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახებისათვის;
  • აღზრდის პოზიტიური მეთოდების გამოყენება.

„ყველა ტრენინგზე შერეული ჯგუფები იყო, რათა მონაწილეებს ერთმანეთისთვის თავიანთი გამოცდილება გაეზიარებინათ. ჩვენს გუნდს აქამდეც ჩაუტარებია საბაზისო ტრენინგები სოციალური მუშაკებისთვის, თუმცა აღნიშნული სესიები უფრო სიღრმისეული იყო. ახალი ტრენინგი წარმოადგენს მეორე ფაზას, სადაც მთელი პროცესი კონფიდენციალურობის დაცვით, კონკრეტულ ქეისებზეა აგებული, რაც სპეციალისტებს საშუალებას აძლევს რეალურ მაგალითებზე დაყრდნობით იმსჯელონ და იპოვონ გამოსავალი. მაგალითად, როგორ დაადგინონ ბავშვის რთული ქცევის გამომწვევი მიზეზები და როგორ დაეხმარონ ოჯახებს აღნიშნულ პრობლემასთან გამკლავებაში. მონაწილეებს ასევე ჩაუტარდათ სავარჯიშოები პროფესიულ გადაწვაზე, რაც მათი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ტრენინგებმა მეგობრულ და კომფორტულ გარემოში ჩაიარა, რაც მონაწილეების კმაყოფილების მაღალ დონეზე აისახა.ზრუნვის სააგენტოს თანამშრომლებმა მიიღეს ცოდნა და სასარგებლო ინფორმაცია, რაც მათ უნარების განახლებაში და გაცილებით კოორდინირებულ მუშაობაში დაეხმარება. კერძოდ, მათ გაუადვილდებათ შემთხვევების შეფასება, ეფექტური რეაგირება და რეფერირება სხვადასხვა უწყებებთან. აღსანიშნავია სოციალური მუშაობის მიმართულებით მიღწეული პროგრესიც. წლების წინ არ იყო აკადემიურ დონეზე სოციალური მუშაობის სწავლის შესაძლებლობა; 2006 წლიდან კი დაიწყო აკადემიური ხარისხის გაცემა,” - აღნიშნა World Vision საქართველოს გრანტების მენეჯერმა, ირინა გრძელიძემ.

 

მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად მხოლოდ ხარისხის მფლობელ და სერტიფიცირებულ სპეციალისტებს შეუძლიათ მუშაობა ამ მიმართულებით. 2000 წელს, დაახლოებით 18 მუშაკი არსებობდა, ახლა კი ზრუნვის სააგენტოში 243 სოციალური მუშაკი და უფროსი სოციალური მუშაკია დასაქმებული. ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის 1 თებერვლიდან დაიწყო სოციალური მუშაობის მიმართულებებად დაყოფა, შეიქმნა სამუშაო ინსტრუმენტები, მათ შორის სექსუალური ძალადობისა და სუიციდის შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ძალადობის იდენტიფიცირების, ბავშვის ოჯახში შენარჩუნებისათვის აუცილებელი საქმიანობის მექანიზმი და სხვა. შესაბამისად, სოციალური მუშაკები იღებენ ინტენსიურ პროფესიულ ზედამხედველობას როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური სახით.

სოციალურ მუშაკს, როგორც პროფესიას არ აქვს დიდი ისტორია, თუმცა მისი როლი საკმაოდ დიდია. სოციალური მუშაკი ეხმარება ადამიანებს მათთვის საკეთილდღეო ცვლილებების მიღწევაში, აკავშირებს მათ გარემოში არსებულ საჭირო რესურსებთან როგორც ინდივიდის, ასევე ოჯახისა თუ თემის დონეზე. ეს საქმიანობა მოიცავს ადვოკატირებას, მხარდაჭერასა და გაძლიერებას. რათა ბენეფიციარმა აიმაღლოს სოციალური ფუნქციონირების ხარისხი: მიიღოს სხვადასხვა დახმარება, სახელმწიფო სერვისებზე წვდომა.

"სოციალური მუშაკი ოჯახის მთავარი მხარდამჭერია. ყველა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყანაში არიან სოციალური მუშაკები. სწორედ სოციალური მუშაკის ინსტიტუტი, მიუთითებს იმაზე თუ რამდენად იაზრებს ქვეყანა ბავშვის საჭიროებებს, მათ მნიშვნელობას და ორიენტირებულია მათ დაკმაყოფილებაზე“, - ირინა გრძელიძემ.

World Vision საქართველო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელების, სოციალური მუშაობის პროფესიის მხარდაჭერისა და გაძლიერების, მოწყვლადი ბავშვებისთვის სოციალური სერვისების განვითარების და დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით, რაც ბავშვის დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაუმჯობესებას ემსახურება. აღნიშნული გადამზადებაც სწორედ ამ პროცესის ნაწილია და საკვანძო როლს თამაშობს სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებაში. ჩვენი ორგანიზაცია მომავალშიც გეგმავს მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანი ინიციატივების განხორციელებას პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რათა ხელი შეუწყოს ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროს განვითარებას ქვეყანაში.