ევროკავშირის მხარდაჭერით ბავშვთა ზრუნვის სისტემის გაძლიერების პროექტი „ინსტიტუციური ზრუნვის მიღმა“ დაიწყო
14 აპრილი

12 აპრილს. World Vision საქართველომ პროექტის „ინსტიტუციური ზრუნვის მიღმა“ გახსნის ღონისძიება გამართა, რომელიც საქართველოში ალტერნატიული ზრუნვის სისტემის გაძლიერებას და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულებას ემსახურება.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, World Vision საქართველოს მიერ, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის მეშვეობით, World Vision საქართველოს მთავრობას ეხმარება ალტერნატიული ზრუნვის სერვისების განვითარებაში.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ეკატერინე გურგენაძემ - World Vision საქართველოს დირექტორმა, კატალინ გერმანიმ - ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, რის შემდეგაც პროექტის საჯარო პრეზენტაცია გაიმართა. 

„ევროკავშირი წინა წლებშიც მნიშვნელოვნად უჭერდა მხარს ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებს, ბავშვის უფლებათა კოდექსის შემუშავების და განხორციელების პროცესს. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ თანამშრომლობა World Vision საქართველოსთან, სამინისტროებთან, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და სამოქალაქო სექტორთან ბავშვთა კეთილდღეობის მიმართულებით“ - განაცხადა კატალინ გერმანმა,  ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ. 


 

„პროექტი ემსახურება ინსტიტუციური ზრუნვის მიღმა სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიული სერვისების განვითარებას იმისთვის,  რომ მოხდეს ბავშვთა სახელმწიფო ზრუნვის ინსტიტუციებში განთავსების პრევენცია. ასევე ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ოჯახები და ალტერნატიული სერვისები, რომლებიც მიახლოებულია ბიოლოგიური ოჯახების რეალობასთან, როგორიც არის მინდობით აღზრდა, მცირე ოჯახური ტიპის სახლები და სოციალური მუშაობა, როგორც პროფესია ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას დეინსტიტუციონალიზაციის ბოლომდე მისაყვანად და ალტერნატიული სერვისების გასაუმჯობესებლად“, - თამილა ბარკალაიამ. 

„ეს პროექტი არის გაგრძელება იმ დიდი ინიციატივისა, რომელიც წლებია ხორციელდება World Vision-ის მიერ სახელმწიფოსთან ერთად ბავშვთა კეთილდღეობის და ზრუნვის სისტემების გაძლიერების მიზნით. ამ მიმართულებით ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, რომლის მხარდაჭერით მნიშვნელოვან წარმატებებს მივარწიეთ დღემდე. პროექტის გახსნის ღონისძიებაც სწორედ ქუჩაში მცხოვრები მიუსაფარი ბავშვების საერთაშორისო დღეს მივუძღვენით, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ამ რომ ეს ბავშვები კვლავ არიან ქუჩებში, ეს არის რეალური პრობლემა და აუცილებელია შევქმნათ ისეთი მომსახურებები, რომ მათ შეძლონ ნორმალურ პირობებში ცხოვრება. ჩვენი ამოცანა არის, რომ სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ხარისხიანი სერვისები, ხოლო რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებმაც მიიღონ შესაბამისი დახმარება,“- ეკატერინე გურგენაძემ.

 „პროექტი გვაძლევს შესაძლებლობას განვავითაროთ სხვადასხვა სერვისები, როგორიცაა მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები და სხვა მომსახურებები, რომლებიც მნიშვნელოვანია სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი თუ ზრუნვის მიღმა ბავშვებისათვის. ჩვენი თანამშრომლობა World Vision-თან წლებია მიმდინარეობს და იმედი გვაქვს რომ ამჯერადაც მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ ერთად,“ - მერი მაღლაფერიძე.

აღნიშნული ღონისძიება მიუსაფარ ბავშვთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები შეუმჩნეველი რჩებიან სისტემისთვის და საზოგადოებისთვის, შესაბამისად, მნიშვნელოვანია  ცნობიერების ამაღლება, მათი უფლებების აღიარება და თანასწორობის მიღწევა. World Vision საქართველო ყოველდღიურ დახმარებას უწევს მიუსაფარ ბავშვებს თავისი დღის ცენტრებისა და 24-საათიანი თავშესაფრების მეშვეობით თბილისსა და ქუთაისში. ღონისძიების მეორე ნაწილში დღის ცენტრისა და ღამის თავშესაფრის ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინეს მუსიკალური სპექტაკლი და მონაწილეობა მიიღეს მათთვის განკუთვნილ სახალისო აქტივობებში. 

პროექტის შესახებ
„ინსტიტუციური ზრუნვას მიღმა“ ეფუძნება World Vision საქართველოს   „ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობისა სისტემის გაძლიერება საქართველოში“ პროექტის შედეგებს, რომელიც  ასევე ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდებოდა 2019-2022 წლებში. პროექტის მიზანია დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დასრულება და დიდი ზომის დაწესებულებების ჩანაცვლება ზრუნვის ალტერნატიული მომსახურებებით, რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია ოჯახთან და  ბავშვის საჭიროებებზეა მორგებული. 
ინსტიტუციური ზრუნვის მიღმა არსებული ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით, არარეგულირებადი დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის შედეგად დაზარალებული ბავშვებისთვის შეიქმნება გრძელვადიანი ზრუნვის სერვისები; აშენდება, გარემონტდება და აღიჭურვება მცირე საოჯახო სახლები არარეგულირებულ დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვებისთვის; სადაც   მიზანშეწონილად ჩაითვლება ბავშვების რეინტეგრაცია, მოხდება მათი დაბრუნება ბიოლოგიურ ოჯახებში, ან სხვა შემთხვევაში გადაყვანა მინდობით აღზრდაში. მინდობით აღზრდა ბიოლოგიური ოჯახების საუკეთესო ალტერნატივაა, შესაბამისად, მინდობით აღმზრდელმა მშობლებმა უნდა მიიღონ მუდმივი მხარდაჭერა, რათა შეძლონ განსაკუთრებით მოწყვლადი ბავშვების საბაზისო საჭიროებების უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია მიმღები მშობლების, ასევე მუნიციპალური სოციალური მუშაკების გადამზადება, რაც განაპირობებს პრევენციული და სარეაბილიტაციო სერვისების დროულ და ეფექტურ მიწოდებას.  პროექტი ხელს შეუწყობს მინდობით აღზრდის აუთსორს-სერვისის საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას და სახელმწიფო მზრუნველობის ან რისკის ქვეშ მყოფი ყველაზე მოწყვლადი ბავშვების დაცვასა და რეაბილიტაციას.
მიგვაჩნია, რომ პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმას საქართველოში, შექმნის ხარისხიანი ალტერნატიული ზრუნვის და სარეაბილიტაციო სერვისებს და პოზიტიურ ცვლილებებს შეიტანს სოციალურად დაუცველი ბავშვების ცხოვრებაში.