7 მარტს, გაიმართა ახალი პროექტის „ERTAD ოჯახების გაძლიერებისთვის“ ოფიციალური წარდგენა. პროექტი ერთობლივად ხორციელდება World Vision საქართველოს, World Vision გერმანიის, ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის (DRC) და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიებაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რის შემდეგაც გაიმართა პანელური დისკუსია და პროექტის წარდგენა დამსწრე საზოგადოებისთვის.
ოთხწლიანი პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონ ევროს შეადგენს და მისი მიზანია ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში. ინიციატივა მოიცავს საქართველოს 5 რეგიონს (კახეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა და სამეგრელო) და ითვალისწინებს ოჯახების სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას: სოციალური დაცვა, საარსებო წყაროების უზრუნველყოფა, ფინანსური განათლების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა.
ეკატერინე გურგენაძემ , World Vision საქართველოს დირექტორმა, მისასალმებელი სიტყვით გახსნა ღონისძიება და პროექტის მიზნებზე ისაუბრა:
„ ეს არის ოთხწლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მოწყვლადი ოჯახების დახმარებას, მათ მხარდაჭერასა და გაძლიერებას, რომელიც გულისხმობს არამხოლოდ ეკონომიკურ, არამედ მათ სოციალურ გაძლიერებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას. საქართველოში სიღარიბე კვლავ რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად. დაახლოებით 700 000 ადამიანი არის სოციალური დახმარების მიმღები სახელმწიფოს მხრიდან და სწორედ ეს ადამიანები არიან ჩვენი პროექტის მთავარი მონაწილეები.
ჩვენს ორგანიზაციას ,ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან ერთად, უკვე აქვს დიდი გამოცდილება სათემო დონეზე ოჯახებთან მუშაობის. World Vision საქართველო 30 წელია, რაც მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად კატეგორიასთან მუშაობს. ჩვენი, როგორც ბავშვთა დაცვის ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ოჯახების გაძლიერებაა. გვჯერა, რომ ჩვენი საერთაშორისო გამოცდილებით და გლობალურად აღიარებული მეთოდოლოგიის გამოყენებით ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ და დავეხმარებით საჭიროების მქონე ოჯახებს დაძლიონ უკიდურესი სიღარიბე“.
ღონისძიებას დაესწრო შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი ერიკ ილესი, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოხატა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობის.
„ეს ახალი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც შვედეთი World Vision საქართველოსთან და ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან ერთად უჭერს მხარს. ამ პროგრამის საშუალებით ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოში ასობით ოჯახთან და პროექტის მიზანიც სიღარიბის დაძლევა და უკეთესი სისტემის დანერგვაა, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ადამიანებს მოემსახურება,“- აღნიშნა ერიკ ილესმა.
როგორც ვინსენტ დონტო, ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, აღნიშნავს, პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ის ეფუძნება მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, რაზეც პროექტის სახელწოდებაც მეტყველებს.
„ჩვენი ერთობლივი პროექტის მთავარი მიმართულებებია: უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებში შევცვალოთ ქცევა, აღქმები და დამოკიდებულებები სიღარიბის მიმართ, რათა დავეხმაროთ მათ დაძლიონ სიღარიბე და ასევე, უზრუნველვყოთ სოციალური მომსახურების სისტემაში კონტექსტზე მორგებული საუკეთესო და წარმატებული მიდგომების დანერგვა, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე“, - აღნიშნა ვინსენტ დონტომ.
პროექტი ეხმიანება საქართველოს მთავრობის სიღარიბის დაძლევის სტრატეგიას და გრძელვადიან პერსპექტივაში მიმართულია საუკეთესო მიდგომების საქართველოს სოციალური მომსახურების სისტემაში ინტეგრირებისკენ, მათ შორის ისეთ კრიტიკულ სფეროში როგორიცაა დასაქმება და შემოსავლის უზრუნველყოფა.
თათია გვარამაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, მადლობა გადაუხადა პარტნიორ ორგანიზაციებს ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა ახალი მეთოდოლოგიის დანერგვის მნიშვნელობას.
„ჩვენი ზრუნვის მთავარი სეგმენტი სოციალურად დაუცველი პირები და მოწყვლადი ოჯახები არიან, თუმცა პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ ფულადი დახმარება არ არის საკმარისი, რომ ოჯახები ამოვიდნენ სიღარიბიდან. შესაბამისად, აუცილებელია კომპლექსური მიდგომა ამ პრობლემის გადასაჭრელად და ოჯახებში პოტენციალის საპოვნელად. ჩვენ გვჯერა ამ პროექტის წარმატების, რომლის რეპლიკაციასაც და მეტი ადამიანის მოცვასაც შევძლებთ მომავალში“, - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის, საქართველოში გაეროს ოფისის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ხელმძღვანელი პირები, სახელმწიფოს სტრუქტურის და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს პროექტი და წარმატებული განხორციელება უსურვეს მმართველ გუნდს.
{{reset.message}}