ახალი შესაძლებლობები უკრაინელი ბავშვებისთვის - ცხოვრება უცხო ქვეყანაში
12 იანვარი

უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის გამო ბევრ ოჯახს და ბავშვს მოუწია საკუთარი ქვეყნის დატოვება. არაერთი დაბრკოლების გადალახვის მიუხედავად, საქართველოში მყოფი უკრაინელები კვლავ დგანან სხვადასხვა სახის გამოწვევის წინაშე როგორიცაა გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება და საბაზისო სერვისებზე წვდომა, პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. აღსანიშნავია, რომ  უმეტეს შემთხვევებში უკრაინის მოქალაქეებს ასევე სჭირდებათ რეგულარული ფსიქო-სოციალური მხარდაჭერაც ომის შედეგად გამოწვეული სტრესის დასაძლევად.

ამჟამად, საქართველოში 1000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვი ცხოვრობს და ცდილობს ახალ გარემოში ადაპტაციას. მათ შორის არიან ნატაშა, ანია და დანილო, რომლებიც თავიანთ ოჯახებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ. გორში მცხოვრები ორი ოჯახის შესახებ პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციისგან შევიტყვეთ  და გადავწყვიტეთ მათი მონახულება. 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები და მათი მშობლები თავს გრძნობდნენ უსაფრთხოდ და დაცულად ახალ გარემოში, დამათი პირველადი საჭიროებები იყოს დაკმაყოფილებული. ასევე პრიორიტეტულია, რომ უცხო ქვეყანაში ბავშვებმა შეძლონ სწავლის შეუფერხებლად გაგრძელება და ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაცია.  შესაბამისად, World Vision საქართველოს ვიზიტიცდაზარალებული ოჯახების საჭიროებების შეფასებას და მათთვის შესაბამისი მხარდაჭერის აღმოჩენას ისახავდა მიზნად. 

2022 წლის თებერვლიდან World Vision საქართველო სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს იძულებით გადაადგილებულ უკრაინელ ოჯახებს და მათ შვილებს. ორგანიზაციის მომსახურებებით და დახმარებით გორში მცხოვრებმა ოჯახებმაც ისარგებლეს.გამოზამთრების პროგრამის ფარგლებში, მათ ვაუჩერები მიიღეს, რომლითაც მშობლებმა შეძლეს შვილებისთვის თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი ეყიდათ და  სუსხიანი დღეები მშვიდად და თბილად გაეტარებინათ. ორივე ოჯახმა ისარგებლა WV საქართველოს ფულადი დახმარების პროგრამით და მიღებული თანხა საკვების, მედიკამენტების თუ სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენეს. სკოლის დაწყებლამდე კი ბავშვებს სასკოლო- საკანცელარიო ნივთები გადაეცათ, რაც მათ განვითარებას და სწავლის პროცესს შეუწყობს ხელს მიმდინარე წელს. 

წინასაახალწლოდ მიღებულმა საჩუქრებმა განსაკუთრებით გაახარა ბავშვები და საკუთარი მოსაზრებებიც სიხარულით გაგვიზიარეს. მიუხედავად იმისა, რომ გორის სკოლებში არ არის უკრაინული სექტორი, ბავშვები მაინც ახერხებენ სწავლას და თანატოლებთან ურთიერთობას როგორც სკოლაში, ისე მის გარეთ. 

რვა წლის ნატაშა მეორე კლასშია და ის გორის საჯარო სკოლაში სწავლობს. გოგონა ოჯახთან ერთად ხარკოვიდან საქართველოში მარტში ჩამოვიდა. როგორც ამბობს, ახლა უკვე კარგად გრძნობს თავს და ახალი სკოლაც მოსწონს. 

„სკოლაში ყველა ძალიან თბილად დამხვდა და ბევრი საჩუქარიც მივიღე. აქ უკვე მეგობრებიც მყავს, ზაფხულის არდადეგებზე ეზოში ერთად ბევრს ვთამაშობდით. მომწონს ჩემი მასწავლებლები და კლასელები, ყველა ძალიან კარგად მექცევა“, - ამბობს პატარა ნატაშა. 
ნატაშას დედა, ელენა, 38 წლისაა. საქართველოში ჩამოსვლამდე ის უკრაინის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ასწავლიდა. თავიდან მას და მის ოჯახს ძალიან უჭირდათ ახალ გარემოსთან შეგუება, რადგან ომის გამო მოუწიათ სამშობლოს დატოვება და არა თავიანთი ნებით, თუმცა საქართველოში რამდენიმე თვის ცხოვრების შემდეგ, უკვე კარგად გრძნობენ თავს.
 

„ ჩემი შვილი საჯარო სკოლაში დადის. მას უკვე ესმის ქართული ენა და ხანდახან მეც კი მითარგმნის სიტყვებს, როცა რამე გაუგებარია. ბედნიერი ვარ, რომ ნატაშა ასე თბილად მიიღეს სკოლაში. მან ადვილად გამონახა საერთო ენა თანაკლასელებთან და ახალი მეგობრებიც შეიძინა. თუმცა, მისი მთავარი ნატვრა, ომის დასრულება და სამშობლოში დაბრუნებაა. იცით, საახალწლოდ თოვლის ბაბუას რა სთხოვა?  ხარკოვის ბილეთები მთელი ოჯახისთვის“, - ამბობს ელენა და იღიმის. 

World Vision საქართველოს გუნდმა კიდევ ერთი უკრაინული ოჯახი მოინახულა, რომელმაც ასევე რთული გზა გაიარა ომისთვის თავის დასაღწევად. და-ძმა ანია და დანილო დედისგან მოშორებით მიკოლაევში ცხოვრობდნენ, თუმცა ბევრი წინააღმდეგობის გადალახვის შედეგად დედამ მოახერხა შვილების საქართველოში მშვიდობით ჩამოყვანა. ახლა ბავშვები უსაფრთხოდ და ბედნიერად გრძნობენ თავს დედათან, ახალ სახლში.

ბავშვების დედა 28 წლის სვეტლანა საქართველოში ჩამოსვლამდე მიკოლაევში ბაღში მუშაობდა. ამჟამად ის უმუშევარია, მაგრამ ძალისხმევას არ იშურებს, რომ ბავშვებს ხელი შეუწყოს სწავლაში და ახალ გარემოში ადაპტაცია გაუადვილოს. ქართული ენის სწავლის მიზნით, მან ბავშვებს კერძო მასწავლებელიც კი უპოვა, რომელიც ანიას და დანილოს კვირაში სამჯერ ამეცადინებს. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ის კმაყოფილია შვილების შედეგებით. 

„უკვე ყველა ასო იციან და ნელ-ნელა კითხვასაც კი ცდილობენ. მათ მოსწონთ ახალი სკოლა და  გაკვეთილებსაც არ აცდენენ“, - ამბობს სვეტლანა. 

 „ძალიან მომწონს ჩემი სკოლა, აქ კარგი მეგობრები შევიძინე.  ვცდილობ, მათ ქართულად ველაპარაკო, უკვე ზოგიერთი სიტყვაც ვიცი. ჩემი კლასელები საკუთარ დაბადების დღეზეც დავპატიჟე  და ძალიან კარგი დრო გავატარეთ ერთად“, - გვიყვება თორმეტი წლის ანია. 

როგორც პატარა გოგონა ამბობს, ის და მისი ძმა მეზობლების ბავშვებსაც იცნობენ და მათთან ერთად ხშირად ატარებენ თავისუფალ დროს ეზოში. როგორც კირას ცხრა წლის ძმა დანილო გვიყვება, ის ხშირად თამაშობს მეგობრებთან ერთად ფეხბურთს, კალათბურთს და ფრენბურთს, მაგრამ ამავდროულად კარგად სწავლასაც ახერხებს.

„ცოტა ხნის წინ მათემატიკაში გამოცდა გვქონდა. ყველა ამოცანის პირობა გავიგე ქართულად და ამოხსნაც არ გამჭირვებია. ვცდილობ გაკვეთილები ყოველთვის მოვამზადო“, - აღნიშნავს დანილო. 

ვიზიტის ბოლოს დედამ და ბავშვებმა მადლიერება გამოხატეს ორგანიზაციის მიერ მათთვის  გადაცემული საჭირო ნივთებისა და საჩუქრებისთვის. მათი თქმით, სასკოლო ნივთები  ძალიან გამოადგებათ სწავლისას. 
უკრაინის კრიზისზე რეაგირების პროგრამა ხორციელდება World Vision საქართველოს მიერ Aktion Deutschland Hilft (ADH)-ის ფინანსური მხარდაჭერით. დღემდე 4500-ზე მეტმა უკრაინელმა, მათ შორის 1000-ზე მეტმა ბავშვმა, ისარგებლა სხვადასხვა მომსახურებითა და დახმარებით. ორგანიზაციის მიზანია ბავშვებისთვის შექმნას ჯანსაღი, უსაფრთხო, ინკლუზიური და ტოლერანტული გარემო, სადაც მათი უფლებები იქნება დაცული და რეალიზებული.