World Vision საქართველომ ევროკავშირთან ერთად ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის სფეროში განხორციელებულ მიღწევებზე შეხვედრა გამართა
31 მაისი

30 მაისს, World Vision საქართველოს ორგანიზებით პროექტის "ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერება საქართველოში" შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მიღწეული შედეგების გაზიარებას დაინტერესებულ მხარეებისთვის. პროექტი განხორციელდა World  Vision საქართველოს მიერ World Vision საფრანგეთის სახელითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად კი აუცილებელია ყველა მხარის, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების წევრების ჩართულობა. World Vision საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის გაძლიერებაში და ქვეყანაში ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული სერვისების განვითარებაში.

შეხვედრა გახსნა World Vision საქართველოს დირექტორმა ეკატერინე გურგენაძემ. მისასალმებელი სიტყვით კი წარდგნენ სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეული დონორი ორგანიზაციების და პარტნიორი სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები:

  • აგატა ნეიბო - ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში, ატაშე გუნდის ხელმძღვანელი ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეებში;
  • დავით სერგეენკო - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე;
  • მერი მაღლაფერიძე - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი;

პანელური დისკუსიის დროს, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის მიღწევებზე, ბავშვთა დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა  და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.  

პანელურ დისკუსიას უძღვებოდა World Vision საქართველოს ბავშვთა დაცვის, ადვოკატირებისა და პარტნიორებთან თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი,  მაია მგელიაშვილი.

პროექტის ფარგლებში World Vision საქართველომ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მხარი დაუჭირა ბავშვთა უფლებების კოდექსის დანერგვას და განხორციელებას საქართველოში;  ჩამოაყალიბა საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ამ სფეროში მოქმედი სტრუქტურების/ორგანიზაციების კოორდინირებულ მუშაობას; ხელმძღვანელობდა ქვეყნის დონეზე დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, შეაფასა ქვეყანაში არსებული არარეგულირებადი ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებები და მხარი დაუჭირა დიდი ზომის ბავშვთა დაწესებულებების ალტერნატიული, ოჯახზე დაფუძნებული ზრუნვის მომსახურებით ჩანაცვლებას; ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ჩამოაყალიბა ბავშვთა დაცვის განყოფილებები; ხელი შეუწყო 24-საათიანი რეაგირების მექანიზმის შემუშავებას ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის საჭიროებებზე დაფუძნებული მომსახურებების დროულად მიწოდების მიზნით. ასევე, პროექტის მხარდაჭერით მოხდა 434 მინდობით აღმზრდელის შესაძლებლობების შეფასება და გადამზადება, შემუშავდა სხვადასხვა სატრენინგო მოდული და გადამზადდა 170 თემის მუშაკი, 130 მუნიციპალური სოციალურ მუშაკი და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს 250 სოციალურ მუშაკი მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთანავე, ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან თანამშრომლობით შეიქმნა: ბავშვთა უფლებებზე მიმართული საკანონმდებლო დოკუმენტაციის, ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის სერვისების რეესტრი; შემუშავდა ბავშვის უფლებათა კოდექსით გათვალისწინებულ  ძირითად  საკითხებზე საკვანძო ინდიკატორებისა და ზედამხედველობის  ინსტრუმენტი.

World Vision საქართველო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მომავალშიც გეგმავს ბავშვთა კეთილდღეობისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას საქართველოში. 

შეხვედრის მსვლელობისას სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ  მინდობით აღზრდისა და დღის ცენტრის ბენეფიციარების წარმატების ისტორიებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, მედიის წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები.