8 რჩევა - როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ტრაგედიაზე?
07 მარტი

ბავშვებთან ტრაგედიაზე საუბარი არის ის პროცესი, რომელსაც მშობელთა უმეტესობა ირიდებს თავიდან. ნეტავ, ჩვენს ბავშვებს არ სჭირდებოდეთ ისეთი თემების  მოსმენა, როგორიცაა ტერორისტული თავდასხმები, ქარიშხლები, მიწისძვრები და ომები.
მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ ესმით და მათ უჩნდებათ უამრავი შეკითხვა. შეიძლება მსგავსი რამ ჩემს თავსაც მოხდეს? რა დაემართებათ ბავშვებს ომის ან წყალდიდობის დროს? შემიძლია რაიმე გავაკეთო იმ ბავშვების დასახმარებლად, რომლებსაც ტელევიზორში ვხედავ?

ქვემოთ მოცემულია 8 რჩევა, თუ როგორ უნდა ესაუბროთ თქვენს ბავშვებს ტრაგედიაზე:
 

  1. დაიწყეთ მოსმენით.
  2. მიეცით მკაფიო, მარტივი პასუხები.
  3. თუ პასუხი არ იცით, აღიარეთ.
  4. საინფორმაციო გამოშვებებს და ონლაინ ინფორმაციას გაეცანით ცალკე.
  5. კონცენტრირება მოახდინეთ იმაზე, რომ ბავშვებმა თავი დაცულად იგრძნონ.
  6. მიეცით ბავშვებს გამოხატვის შემოქმედებითი საშუალებები.
  7. მოახდინეთ ჩართულობისა და თანაგრძნობის მოდელირება.
  8. მიეცით თქვენს შვილს საშუალება ჩაერთოს.

 

1. დაიწყეთ მოსმენით 
გაარკვიეთ, რა იციან უკვე თქვენმა ბავშვებმა.  შემდეგ შეგიძლიათ უპასუხოთ ასაკის შესაბამისად. მიზანი არ არის მათი შეშფოთება შემაძრწუნებელი დეტალებით, არამედ მათი დაცვა დეზინფორმაციისგან, რომელიც შეიძლება მოისმინეს მეგობრებისგან; ასევე მათი დაცვა იმ შემაშფოთებელი სურათებისგან (თუ ვიდეოებისგან), რომლებიც მათ შესაძლოა უკვე ნახეს ტელევიზორში ან ინტერნეტში.

2. მიეცით მკაფიო, მარტივი პასუხები
თქვენი პასუხი დასმულ კითხვას უნდა პასუხობდეს. გამოიყენეთ მარტივი ენა. არ არის საჭირო ისეთი საკითხების წამოჭრა, რომლებზეც მათ აქამდე არც კი უფიქრიათ.

3. თუ პასუხი არ იცით, აღიარეთ.
თუ თქვენი შვილი სვამს კითხვას, რომელსაც ვერ უპასუხებთ, ან არ გაქვთ პასუხი, აღიარეთ. შემდეგ მოიკვლიეთ ინფორმაცია, რათა დაეხმაროთ იმ საკითხის გარკვევაში, რაც მათთვის საინტერესოა. თუ იკითხავენ: ,,რატომ უნდა მომხდარიყო ეს?"  ნუ შეგეშინდებათ თქვათ ,,არ ვიცი".  დამშვიდება, ეჭვების და შიშების განეიტრალება ფასდაუდებელია, რათა დაეხმაროთ ბავშვს შემაძრწუნებელი სინამდვილისა და შემაძრწუნებელი მოვლენების დალაგებასა და გამორკვევაში.

4. გაეცანით საინფორმაციო გამოშვებებს და ონლაინ ინფორმაციას ცალკე.
მცირეწლოვანი ბავშვები განსაკუთრებით ადვილად განიცდიან ტრავმას და მაგალითად, მიწისძვრის თუ ომის შემზარავი დეტალების დანახვა ან მოსმენა იმაზე მეტია, ვიდრე მათ შეუძლიათ გაუმკლავდნენ. ზრდასრულებიც უნდა დარწმუნდნენ, რომ საკუთარ ემოციებს უმკლავდებიან, არეგულირებენ, მაგალითად სხვებთან საუბრით, რაც საშუალებას აძლევს მათ შეძლონ ბავშვების საჭიროებებზე კარგად რეაგირება.

5. კონცენტრირება მოახდინეთ იმაზე, რომ ბავშვებმა თავი დაცულად იგრძნონ.
როდესაც ტრაგედიები ხდება, ბავშვებს აინტერესებთ, შეიძლება თუ არა იგივე მოვლენა მოხდეს მათ მშობლიურ ქალაქში. თუ ეს იყო ბუნების მოვლენაა, რომელიც ვერ განმეორდება თქვენს მხარეში, უთხარით ბავშვებს ეს. საკუთარი თავის მსხვერპლთა სიტუაციებში აღქმა ძალიან  ცუდიც არ არის - ეს თანაგრძნობის ნიშანია - აუცილებელი ცხოვრებისეული უნარი. თუმცა აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ჭარბი შფოთვისა და დარდის ნიშნებს ბავშვებში.

6. მიეცით ბავშვებს გამოხატვის შემოქმედებითი საშუალებები.
ზოგიერთი ბავშვი შეიძლება არ იყოს მზად ისაუბროს იმაზე, რაც მოისმინა, მაგრამ შეიძლება ხატვა ან სხვა შემოქმედებითი აქტივობები სასარგებლოც კი აღმოჩნდეს მათ ემოციებთან და სტრესთან გასამკლავებლად. მათი ნახატები შესაძლოა კარგი საფუძველი აღმოჩნდეს საუბრის წამოსაწყებად.

7. მოახდინეთ ჩართულობისა და თანაგრძნობის მოდელირება.
უთხარით თქვენს შვილს, რომ თქვენ, როგორც ოჯახი, დაეხმარებით ადამიანებს სხვადასხვა სახის შემოწირულობის გაცემით.  

8. მიეცით თქვენს შვილს საშუალება ჩაერთოს.
გამოსავალზე ორიენტირებულ პროცესებში ჩართვა ხელს შეუწყობს მათი შფოთვის შემსუბუქებას. ხელი შეუწყვეთ მათ წვლილი შეიტანონ ოჯახის საქველმოქმედო ინიციატივებში, მაგალითად,  თავიანთი ყულაბის ან შემნახველი ანგარიშიდან რაღაც ნაწილის გაცემაში.

წყარო: How to Talk to Kids about Tragedy | World Vision Canada

ინგლისურიდან ითარგმნა World Vision საქართველოს მიერ.