20 წლის ახალგაზრდა საიდ იუსიფმა ბავშვობის ნახევარი ირანში გაატარა, ავღანური წარმომავლობის გამო მას მრავალი გამოწვევის დაძლევა მოუწია.
ირანი დღესაც უამრავი ლტოლვილის თავშესაფარია, რომელთა უმეტესობაც სწორად ავღანეთიდან არის. სტატუსის არმქონე ავღანელი ეროვნების ადამიანების მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რადგან მათ შეზღუდული აქვთ წვდომა როგორც საარსებო წყაროზე, ისე განათლებაზე, ჯანდაცვაზე, ასევე ირანის ხელისუფლებისგან ძალადობის, ექსპლუატაციისა და დეპორტაციის მუდმივი საფრთხის ქვეშ არიან. სხვების მსგავსად, საიდიც ყოველდღიურად შეურაცხყოფისა და ძალადობის მსხვერპლი ხდებოდა იმისათვის, რომ ოჯახი შიმშილისგან ეხსნა.
7 წლის ასაკში საიდს არალეგალურად მოუწია მუშაობა ავეჯის ქარხანაში, რომ დედას ფინანსურად დახმარებოდა. ხელფასი, რასაკვირველია, არ იყო მაღალი, თუმცა საშუალებას აძლევდა ეყიდა ისეთი საბაზისო საჭიროების საკვები, როგორიცა პურია. 7 წლის საიდის ყოველდღიური რუტინა არ იყო მარტივი, მას ყოველ დილით 6-7 საათზე უწევდა გაღვიძება და ფეხით საათნახევრის მანძილის დაფარვა სამსახურამდე, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფული არ ჰქონდა, ყოველდღე 3 საათს გზაში - უკეთეს მომავალზე ფიქრში ატარებდა.
„ ჩემს თავს ვეუბნებოდი, დღეს ადრე წავალ სამსახურში, სწრაფად შევასრულებ დავალებებს, რომ სახლში მალე დავბრუნდე და საყვარელ ანიმაციურ ფილმს მივუსწრო. მაგრამ სამწუხაროდ, სახლში იმდენად გვიან ვბრუნდებოდი რომ საბავშვო გადაცემები დიდი ხნის დასრულებული იყო,“- იხსენებს საიდი.
ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა საიდის უმთავრესი პრიორიტეტი იყო, რის გამოც მან ადრეულ ასაკში დაიწყო მუშაობა. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საიდი სასკოლო განათლების მიღების შესაძლებლობის გარეშე დატოვა. მშობლები ხშირად უხსნიდნენ თუ რა მნიშვნელობას ატარებდა სასკოლო განათლება, თუმცა საიდმა არ შეიცვალა თავისი პოზიცია.
2009 წელს საიდი და მისი ოჯახი თავისუფლებისა და უკეთესი მომავლის იმედით აზერბაიჯანში გადავიდნენ საცხოვრებლად. მასპინძელმა სახელმწიფომ ოჯახს მანდატის სტატუსი მიანიჭა. მალე საიდი სპორტმა გაიტაცა, ჯერ კრივით იყო დაინტერსებული შემდეგ კი კარატე კიოკუშინით. 15 წლის ასაკში ევრაზიის ჩემპიონიც გახდა. ის ბევრს შრომობდა თვითგანვითარებისთვის. მან 4 ენა შეისწავლა: თურქული, აზერბაიჯანული, ინგლისური და რუსული.
15 წლის ასაკში საიდი უმძიმეს ავტოავარიაში მოყვა, რის შედეგადაც თავის ტვინის დაზიანება მიიღო და 3 თვე საავადმყოფოში გაატარა. ექიმებმა მას სპორტის გაგრძელებაზე კატეგორიული უარი განუცხადეს. ეს პერიოდი ძალიან მძიმე იყო მისთვის, რადგან საიდი შიშისა და იმედგაცრუების გრძნობამ შეიპყრო. ის დღემდე იღებს ფსიქოსოციალურ და სამედიცინო მხარდაჭერას.
როგორც საიდი თავად ამბობს, აზერბაიჯანში ცხოვრებამ მას ახალი გამოცდილება მისცა და ასწავლა, თუ როგორ გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ გამოწვევებს. კონკრეტული მიზეზების გამო ოჯახმა კვლავ გადაწყვიტა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
მიუხედევად იმისა, რომ საიდის ოჯახს მცირე ინფორმაცია ჰქონდა საქართველოს შესახებ, 2017 წელს ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ. მთავარი მიზეზი, თუ რატომ შეუყვარდათ საქართველო ასე ძლიერ, იყო თავისუფლების განცდა რომელსაც ასე ეძებდნენ.
მას ახსოვს დღე, როცა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოფიცერმა ის და მისი ოჯახი თბილისში წამოიყვანა, ხოლო მიგრაციის დეპარტამენტმა მათ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი მიანიჭა. საიდს 6 თვე მოუწია მარტყოფის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში ცხოვრება, სადაც ოჯახის მინიმალური საჭიროებები დაკმაყოფილებული იყო - მათ ჰქონდათ თავშესაფარი და საკვები. მაგრამ საიდის მტკიცე სურვილი, რომ მეტისთვის მიეღწია არ გამქრალა. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ის ადგილობრივებს ეხმარებოდა მარტყოფში მშენებლობებზე, ასევე სახლების დალაგებაში.
„მე აუცილებლადა გავაგრძელებ საკუთარი თავის განვითარებაზე მუშაობას, ვიცი ეს მომავლში აუცილებლად გამომადგება “-ფიქრობდა საიდი საქართველოში პირველად ჩამოსვლისას. ის ძალიან მოტივირებული იყო,ძალიან უნდოდა სწავლის გაგრძელება და მუშაობა.
ერთ დღეს, მას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატიდან (UNHCR) დაუკავშირდნენ და სხვადასხვა მომსახურებები შესთავაზეს, მათ შორის ფსიქოლოგიური თერაპია. ის ჯერ კიდევ ებრძოდა ბავშვობის ტრავმებს. კიდევ ერთი გამოწვევა, რომლის წინაშეც აღმოჩნდა საიდი და მისი და-ძმა, სკოლაში რეგისტრაცია იყო. რეგისტრაციის პროცედურა საკმაოდ რთულია საქართველოში და წესების კარგად ცოდნას საჭიროებს. ამ საკითხთან დაკავშირებით საიდი World Vision საქართველოს მულტისერვისულ ცენტრს ესტუმრა, სადაც მას სითბოთი და თანაგრძნობით დახვდნენ. მულტისერვის ცენტრი უსაფრთხო ადგილია ლტოლვილთათვის, თავშესაფრის მაძიებლთათვის, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირთათვის, სადაც მათ აქვთ წვდომა ისეთ რესურსებზე, რომელიც ეხმარება მათ უნარების განვითარებას და ახალ გარემოში თვითდამკვიდრების პროცესში. World Vision საქართველო 2019 წლიდან მუშაობს ლტოლვილებთან, თავშესაფრის მაძიებლებთან და მოქალაქეობის არმქონე პირებთან, რათა დაიცვას მათი უფლებები და ხელი შეუწყოს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატის მიერ დაფინანსებული პროექტის „თემის მობილიზება და ჩართულობის“ ფარგლებში. ამ დროისთვის 2000-ზე მეტი ბენეფიციარია რეგისტრირებული მულტისერვის ცენტრში, სადაც ისინი ყოველდღიურად იღებენ მრავალფეროვან მომსახურებას.
WV საქართველოს თანამშრომლები დაეხმარნენ საიდსა და მის ოჯახს ბავშვების სასკოლო რეგისტრაციის პროცესში და ამასთან, საიდის ოჯახს ქართული ენის შემსწავლელი კურსები დაუფინანსეს. UNHCR და World Vision საქართველოს დახმარებით, საიდმა IT კოლეჯი წარმატებით დაამთავრა და სამსახურის ძებნას შეუდგა.
2021 წელს კოვიდ პანდემია დიდ გამოწვევად იქცა როგორც საქართველოსთვის, ისე დანარჩენი სამყაროსთვის. World Vision საქართველომ საკვებით, ჰიგიენური პაკეტებითა და ფინანსური დახმარებით უზრუნველყო ყველა ბენეფიციარი, მათ შორის საიდის ოჯახი, რათა დახმარებოდნენ მათ პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევაში.
გასულ წელს საიდის დედ-მამა განქორწინდა, რის შედეგადაც საიდი ისევ მარტო აღმოჩნდა როგორც ერთადერთი ზრდასრული მამაკაცი ოჯახში, რომელსაც თავისი დედა და და-ძმა უნდა ერჩინა. თუმცა ახლა ის თავს უფრო ძლიერად და თავდაჯერებულად გრძნობდა. ახლა ის უკვე ფლობდა 4 ენას და გარკვეული გამოცდილებაც ჰქონდა IT მიმართულებით. რაც ყველაზე მთავარია მას ჰქონდა მიზანი- ეზრუნა საკუთარ ოჯახზე.
6 თვის მანძილზე სამსახურის უშედეგო ძებნის შემდეგ, საიდი World Vision საქართველოს დაუკავშირდა და დასაქმებასთან კონსულტანტთან კონსულტაცია გაიარა. საიდის გამოცდილებისა და უნარების შეფასების შემდეგ, World Vision საქართველოს დასაქმების კონსულტანტმა პარტნიორ კომპანიებთან მოლაპაარეკებები დაიწყო და საიდის კანდიდატურა საერთაშორისო პარტნიორ კომპანია Majorel-ს წარუდინა, , რომელიც მსოფლიოს მსხვილ კომპანიებს ტექნიკური მხარდაჭერის სერვისებით უზრუნველყოფს. კომპანიამ სურვილი გამოთქვა დახმარებოდა საიდს და ტეკნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიცია შესთავაზა. საიდს ბევრი არ უფიქრია და მალევე დათანხმდა შემოთავაზებას .
„შანსი ერთხელ გეძლევა ცხოვრებაში, კარი უნდა გაუღო, მაგრად ჩასჭიდო ხელი, არ უნდა გაუშვა,“- ამბობს საიდი.
საიდმა რამდენიმე გასაუბრება და ორკვირიანი გადამზადება გაიარა კომპანია Majorel-ში. მუშაობის პირველი დღე რთული აღმოჩნდა მისთვის, თუმცა თანამშრომლების დახმარებით მათ წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ ვალდებულებებს. მიღებული გამოცდილებამ საიდს დაანახა რამდენად მნიშვნელოვანია დეტალებზე ყურადღების გამახვილება, რადგან უმცირეს შეცდომასაც კი შეუძლია არასასურველი შედეგის დადგომა გამოიწვიოს.
„მე მიყვარს ჩემი საქმე და მისგან სრულ სიამოვნებას ვიღებ. ვესაუბრები ადამიანებს, ვეხმარები მათ პრობლემების მოგვარებაში. ეს მეხმარება გავხდე მეტად თავდაჯერებული და კიდევ უფრო გავაუმჯობესო ჩემი პიროვნული უნარ-ჩვევები,“- ამბობს საიდი.
საიდი დარწმუნებულია, რომ სამხახურში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მის ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის, რისთვისაც მადლიერია World Vision საქართველოს მულტისერვისული ცენტრის. დატვირთული გრაფიკის გამო ისე ხშირად ვეღარ სტუმრობს ცენტრს, თუმცა მუდმივი კომუნიკაცია აქვს დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, საიდი ფრილანსერადაც მუშაობს, თარგმანზე და, ფოტო/ვიდეო მონტაჟზე. მისი ჰობია ფოტოგრაფია და ვიდეო თამაშები. ასევე აქტიურადაა დაკავებული სპორტული აქტივობებით, როგორიცაა პინგ-პონგი, ცურვა, სირბილი.
შაბათ-კვირას საიდი მეგობრებთან ერთად ერთობა. თავისუფალ დროს, რომელიც ძალიან ცოტა აქვს სახლში ატარებს და მომავალზე ფიქრს უთმობს. „ახლა ისეთი დროა ვერაფერს დავგეგმავ, არ ვიცი რა მოხდება ხვალ, ამიტომ ვცხოვრობ დღევანდელი დღით და ვუფრთხილდები იმას, რაც მაქვს და იმედით ვეგებები ხვალინდელ დღეს, “-ამბობს საიდი თავის სამომავლო გეგმებზე.
{{reset.message}}