ოზლემის ისტორია - ლტოლვილი ქალების გაძლიერება საქართველოში
15 დეკემბერი

ოზლემი, 23 წლის ახალგაზრდა ქალია, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი ქვეყანა და ახალი საცხოვრებელი ეპოვა საქართველოში. 2 წლის წინ ოზლემი და მისი მეუღლე თურქეთიდან საქართველოში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ისინი 3 წელია რაც დაქორწინებულები არიან.

ოზლემი თეატრის მსახიობია, მისი მეუღლე - ჟურნალისტი. ეთნიკური ნიშნით  დისკრიმინაცია აღმოჩნდა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც მათ თურქეთის დატოვება მოუხდათ. ოზლემის მეუღლე ეროვნებით ქურთია, რის გამოც მუდმივად გრძნობდა შევიწროვებას პოლიციის მხრიდან. იყო შემთხვევა, როცა დაპატიმრებულიც კი აღმოჩნდა ნაციონალური გაზაფხულის დღესასწაულის, ნევროზის, აღნიშვნისას.

ოზლემმა და მისმა მეუღლემ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიგრაციის დეპარტამენტს მიმართეს. მალე მათ საქართველოში ცხოვრების ნებართვაც მიიღეს. თავიდან მათთვის ძალიან რთული იყო ახალ კულტურასა და რეალობასთან შეგუება. ყველაფერი განსხვავებული იყო საქართველოში -ახალი ენა, კულტურა და გარემო. თავიდან ძალიან გაუჭირდათ ინტეგრაცია და ახალ სოციუმში  ადგილის დამკვიდრება. საქართველოში ჩამოსვლისთანავე, თელავში წავიდნენ დაცხოვრებლად. ფიქრობდნენ, რომ პატარა ქალაქში დასახლება და სამსახურის პოვნა უფრო ადვილი იქნებოდა. ოჯახს მცირე დანაზოგი ჰქონდათ, რითიც პატარა ფართის ქირაობა და მაღაზიისთვის გახსნას გეგმავდნენ, თუმცა პანდემიის გამო ეს გეგმა უსასრულოდ გადაიდო. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო,   სამსახურს ვერ პოულობდნენ, უმოქმედობას განიცდიდნენ, თუმცა სჯეროდათ რომ მალე მათ ცხოვრებაში რაღაც შეიცვლებოდა. დრო გადიოდა, დანაზოგიც იწურებდა. გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალი კი თბილისში გადასვლა იყო, იმ იმედით რომ დედაქალაქში დასაქმების მეტი შესაძლებლობა დახვდებოდათ.

„ქართველები მეგობრული და ჭკვიანი ხალხია. ისინი მუდამ როგორც თანასწორს ისე გვექცევიან, ზემოდან არ გიყურებენ, იმის გამო რომ ლტოლვილები ვართ. ყურადღებას და სიყვარულს გვიზიარებენ. თუმცა გარდაუვალია ის, რომ როცა ახალ ქვეყანაში იმყოფები, თავიდან იქ არავინ ხარ, ნაცნობები და მეგობრებიც არ გყავს. ეს ძალიან დამრთგუნველია“. – ამბობს ოზლემი.

ოზლემმა UNHCR-ისა და World Vision საქართველოს ერთობლივი პროექტის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტის საშუალებით მოიძია და პროექტის საქმიანობებში ჩაერთო. მუდმივი და ხანგრძლივი სასოწარკვეთილების შემდეგ, მათ საბოლოოდ დაიწყეს გეგმების დასახვა და უკეთესი მომავლის იმედი გაუჩნდათ. პანდემიის დროს, პროექტის „თემის მობილიზაცია და მონაწილეობა“ მეშვეობით სხვა ბენეფიციარების მსგავსად ოზლემის ოჯახმაც მიიღო UNHCR-ის მხრიდან COVID-თან დაკავშირებული ფინანსური დახმარება.

გავიდა 4-5 თვე და მის ცხოვრებაში ახალი შესაძლებლობები გაჩნდა.  ოზლემი შერჩეულ იქნა World Vision საქართველოსა და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მიერ  ორგანიზებულ კონდიტერიის  შემსწავლელ კურსზე. მისთვის ეს იყო შანსი, შეეცვალა ცხოვრება უკეთესობისკენ. ოზლემს ყოველთვის სიამოვნებდა ცხობა, ამიტომ გადაწყვიტა უკეთ შეესწავლა საკონდიტრო საქმე და საყვარელი საქმიანობა მომავალ პროფესიად ექცია. სასწავლო კურსს უძღვებოდა საქართველოს გასტრონომიული ასოციაციის წამყვანი შეფი, რომელმაც  კურსის დასრულების შემდეგ შეარჩია 2 საუკეთესო მონაწილე, რომელიც მისი რეკომენდაციით გაივლიდა სტაჟირებას ცნობილ რესტორანში. შერჩეულთაგან ერთ-ერთი კანდიდატი იყო ოზლემი. ამ წარმატებამ მას კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მისცა, გაეგრძელებინა ზრდა და განვითარება კონდიტერიის მიმართულებით.
რამდენიმე კვირაში, World Vision საქართველოს თანამშრომლები დაუკავშირდნენ მას და ცნობილ რესტორანში შეფ-მზარეულების ასისტენტის პოზიცია შესთავაზეს. ოზლემისთვის ეს სამსახური იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგან ის ერთადერთი დასაქმებული იყო ოჯახში.

„გაოცებული ვიყავი, როდესაც ძალიან ცნობილი რესტორნის სახელი გავიგე,სადაც მე უნდა მემუშავა. ვნერვიულობდი, რადგან ვცოდი იქ მუშაობის დაწყება დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა იქნებოდა ჩემთვის. “ – ამბობს ოზლემი.

სამუშაოს პირველ დღეს ოზლემი ცოტა შეშინებულ მივიდა დათქმულ ადგილას, თუმცა რესტორნის მხიარულმა გუნდმა და მეგობრულმა გარემომ გაამხნევა და მეტი გამბედაობა შესძინა. ის ძალიან მადლიერი იყო, რომ მომავალმა თანამშრომლებმა სიხარულით მიიღეს თავიანთ გუნდში.

„საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირველად ვიგრძენი კავშირი ხალხთან. ჩემთვის ეს დიდი შვება იყო. არშემო მყავდა ადამიანები, ვისთანაც ჩემი ბედნიერებისა და გრძნობების გაზიარება შემეძლო. გუნდის სრულუფლებიანი წევრად ვიგრძენი თავი. ბევრი რამ ვისწავლე, განსაკუთრებით წესრიგი და დისციპლინა. ადრე ყველაფერს ნელა ვაკეთებდი, მაგრამ აქ ვისწავლე დროის მართვა. ახლა უკვე ვიცი როგორ ვაკეთო საქმე უფრო სწრაფად,"– ამბობს ოზლემი.

ოზლემმა თანამშრომლების სახით ახალი მეგობრებიც შეიძინა, გუნდთან ერთად მუშაობს და ახლა მთავარ კონდიტერს დესერტების მომზადებაში ეხმარება. ამ ეტაპზე ის სტაჟირებას გადის, თუმცა მის მონდომებასა და განვითარებაზეა დამოკიდებული შემდგომი დასაქმების პერსპექტივა.

„ქართველი ქალები ძლიერი და თავდაჯერებულები არიან, ისინი არ აძლევენ მამაკაცებს უფლებას უპატივცემულოდ მოექცნენ. აქ ბევრი ძლიერი ქალი გავიცანი. ბევრი მათგანი დასაქმებულია და მაღალ პოზიციებსაც იკავებს. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართველებმა და საქართველომ უფრო ძლიერ ქალად მაქცია.“ – ამბობს ოზლემი

ოზლემსა და მის მეუღლეს თავისუფალ გარემოში სურთ ცხოვრება. საქართველო სწორედ ის ადგილია, სადაც ისინი დიდი ხნით გეგმავენ დარჩენას. ოზლემს ქართული ენის შესწავლა და თბილისში პატარა საკონდიტრო მაღაზიის გახსნა სურს. მისი მიზანია, მეტი ისწავლოს, განვითარდეს და მომავალში საკუთარი მცირე ბიზნესიც წამოიწყოს.

„ამ ყველაფრის შემდეგ, უფრო ძლიერი და თავდაჯერებული გავხდი, ახლა შემიძლია ვთქვა რომ ბედნიერი ვარ. ჩემს ქვეყანაში საყვარელ საქმის კეთების შესაძლებლობა არ მომეცა. არასდროს მიფიქრია, რომ ასეთი რთული ცხოვრება მექნებოდა. ლტოლვილ ქალებს უნდა სჯეროდეთ საკუთარი თავის, პატივი სცენ საკუთარ თავს და ყველაფერი გააკეთონ თავიანთი მიზნების მისაღწევად. არ უნდა დანებდნენ, რადგან ყველაზე რთული მდგომარეობიდანაც არსებობს გამოსავალი. მთავარია იბრძოლონ საკუთარი მიზნების მისაღწევად,“ - ამბობს ოზლემი.