მარინას ისტორია - როგორ შეიძლება საყვარელი საქმიანობა შემოსავლის წყაროდ იქცეს
07 დეკემბერი

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური  წინაღობები ქალების პროფესიულ განვითარებას და  უფლებების რეალიზაციას აფერხებს.  ეკონომიკური თვალსაზრისითაც, ქალები სიღარიბის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან დასაქმების დაბალი პერსპექტივის გამო, ვინაიდან მათ ადრეული ასაკიდანვე ეზღუდებათ განათლების, მუშაობის და პიროვნული განვითარების უფლებები, საზოგადოებაში დამკვიდრებული სტრეოტიპების საფუძველზე. 

მარინა ახალგაზრდა დედაა, რომელიც ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს კახეთში. 2019 წლიდან World Vision საქართველოს ოჯახის გაძლიერების პროგრამაშია ჩართული, რომელიც ოჯახების მხარდაჭერას, მათ ეკონომიკური გაძლიერებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

პროგრამაში ჩართვამდე, მარინას ძირითად საქმიანობას ბავშვების აღზრდა და ოჯახური საქმიანობა წარმოადგენდა. მას მრავალი უნარ-ჩვევა გააჩნდა, თუმცა გარემო-პირობები ხელს ვერ უწყობდა საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში. ორი მცირეწლოვანი შვილი, საოჯახო საქმეებზე ზრუნვა იმდენ დროს და ენერგიას ართმევდა, რომ არც კი დაუშვია ამის პარალელურად საყვარელი საქმიანობაც ეკეთებინა. მოცემულ კონტექსტში ორგანიზაციის მხარდაჭერა თუ დახმარება გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა მარინასთვის. 

მარინას ვერ წარმოედგინა, რომ ოცნებას აისრულებდა და საყვარელ საქმიანობას მომოვალ პროფესიად აქცევდა. იგი გატაცებული იყო ხელსაქმით, თუმცა არ ჰქონდა შესაძლებლობა რომ პროფესიულ დონეზე შეესწავლა აღნიშნული სფერო და საჭირო მასალა შეეძინა. მსგავსს პირობებში, რთული იყო საკუთარი ნიჭის რეალიზება. 

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, მარინას ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ორგანიზაციის დახმარებით მარინამ გაიარა პროფესიული გადამზადება, შეისწავლა თექის დამუშავება და აქსესუარების/სუვენირების დამზადება. პროექტის ფარგლებში მარინას თავისი საქმიანობისთვის ყველა საჭირო ინვენტარი გადაეცა. 

„თქვენი ორგანიზაცია ჩემ ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდა და ყველაფერი შეიცვალა. შესაძლებლობა მომეცა, რომ ის საქმე შემესწავლა და მეკეთებინა რაც ყოველთვის მომწონდა და სიამოვნებას მანიჭებდა, თან  ეს საქმე ჩემი შემოსავლის წყაროდ მექცია. მას შემდეგ რაც თექაზე მუშაობა და მისი რეალიზება დავიწყე, უფრო თავდაჯერებული გავხვდი, მივხვდი რომ ვარ დამოუკიდებელი, წარმატებული ქალი. აღარ მეშინია მომალის და ცხოვრებისეული გამოწვევების. ამას ჩემი გოგონებიც გრძნობენ და ძალიან ამაყობენ იმით, რასაც ვაკეთებ. ახალ პროფესიასთან ერთად ცხოვრება უფრო ფერადი და საინტერესო გახდა,“ - აღნიშნავს მარინა.

მარინას შვილები ასევე დაინტერესებული არიან ხელოვნებით. ძალიან უყვართ ხატვა და ხელნაკეთი ნივთების დამზადება. აღნიშნული უნარ-ჩვევების ხელშეწყობის მიზნით კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა გოგონებისთვის ყველა საჭირო ინვენტარი გამოყო და მათ სახატავი ნივთები გადასცა. მარინა გოგონებთან დიდ დროს ატარებს და ეხმარება მათ ხელსაქმის დაუფლებაში, რადგან ისინიც დაინტერესებულები არიან დედის საქმიანობით. 

გარდა პროფესიული განვითარებისა და წინსვლისა, მარინა აქტიურად არის ჩართული პიროვნულ თუ პოზიტიურ მშობლობასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების ტრენინგებში.   მიღებული ცონდა და უნარები ეხმარება გახდეს უკეთესი მშობელი თავისი შვილებისთვის, მეტად ჩაერთოს მათი განვითარების პროცესში და ხარისხიანად გაატაროს დრო შვილებთან.

 „ორგანიზაციის დახმარებით, ბევრი ახალი აღმოჩენა გავაკეთე, როგორც მშობელმა. ტრენინგები ძალიან დამეხმარა ჩემ შვილებთან ყოველდღიურ ურთიერთობის და აღზრდის პროცესში,“ - ამბობს მარინა. 

დღეს მარინა რეალიზებული და აქტიური ქალია, რომელმაც საყვარელი საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქცია. იგი აგრძელებს პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას და ამავდროულად, შვილებს ხელოვნებისადმი ინტერესს/სიყვარულს უღვივებს.