ქეთის ისტორია - გზა ადრეული დედობიდან წარმატებულ მეწარმეობამდე
29 ნოემბერი

ქეთი ორი შვილის მზუნველი დედა და უკვე წარმატებული მეწარმე ქალია.  თუმცა ეს გზა არც თუ ისე იოლი აღმოჩნდა მისთვის - „არაერთი უიმედობის და სასოწარკვეთილების დღე გავიარე, ვფიქრობდი, ნუთუ შეიძლება ამ სირთულეს მარტოხელა დედა ბავშვებთან ერთად  გაუმკლავდეს?!  ... და სწორედ ბავშვებზე ზრუნვა და სიყვარული მაძლევდა ძალას და ცხოვრების მოტივაციას “, - ამბობს ქეთი.  ადრეული დედობა, განათლების მიღების სურვილი, რთული ოჯახური პირობები,  ბავშვების მარტოდ აღზრდა და თავდაუზოგავი შრომა შვილების კეთილდღეობისთვის დიდი გამოწვევა იყო ახალგაზრდა ქალისთვის.

2020 წელს ქეთი ჩაერთო  World Vision საქართველოს ოჯახის ეკონომიკური გაძლიერების პროგრამაში, იმ პერიოდში ოჯახი მრავალი გამოწვევის წინაშე იდგა  და ამ რთულ პერიოდში მხარდაჭერას საჭიროებდა. ქეთიმ და მის შვილებმა სხვადასხვა სახის სერვისით ისარგებლოს, ხოლო პანდემიის პერიოდში მატერიალური მხარდაჭერაც მიიღეს. კოვიდ პანდემიამ გავლენა იქონია ბავშვებზე. ქეთისთვის მნიშვნელოვანი იყო ბავშვების უწყვეტ სასწავლო (ოჯახს არ ქონდა კომპიუტერი, ამიტომ სკოლაში მოუწყვეს სასწავლო სივრცე) პროცესში ჩართვა, რაშიც იმერეთის განვითარების ცენტრი, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი და ქუთაისის #14 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ერთობლივად დაეხმარნენ.  ქეთი  მიხვდა რომ მარტო არ იყო, რომ მის გარშემო ბევრი ადამიანი ცდილობდა დახმარებას. მან გადაწყვიტა გამოწვევები შესაძლებლობად ექცია და სრულფასოვნად ჩაერთო შრომის, განათლების და განვითარების პროცესში. ქეთიმ, შეიძინა საჭირო და მოთხოვნადი უნარ-ჩვევები,  გაირა ჭრა-კერვის კურსები, შემდეგ დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით შეისწავლა პოლიმერულ თიხაზე მუშაობა და რაც მთავარია ირწმუნა საკუთარი თავის. მალე მიხვდა, რომ ეს მისი ახალი პროფესია და პირველი ნაბიჯები იყო წარმატებისკენ.  

ახლა ქეთი პოლიმერული თიხაზე მუშაობს, რომლის მეშვეობითაც ამზადებს ხელნაკეთ ნივთებსა და სამკაულებს, დეკორატიულ, მოხატულ ჭიქებს, თმის სამაგრებს, საყურეებს, ყელსაბამებს, ბროშებს. ქეთის მხარდასაჭერად, იმერეთის განვითარების ცენტრმა შეუძინა მას  ელექტრო ღუმელი თიხის გამოსაწვავად, ასევე თიხის მასალა და დამხმარე ინვენტარი. ქეთი ხელნაკეთ ნივთებს არამხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე უწევს რეალიზებას, არამედ მეგობრების დახმარებით ნაკეთობები ევროპის ბაზარზეც გააქვს და ახალი შეკვეთებიც არ აყოვნებს. 

ქეთის მძიმე წარსულმა არ შეუშალა ხელი  ყოფილიყო აქტიური ქალბატონი, ეპოვა საყვარელი საქმე, გადაედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და უშიშრად ევლო დასახული მიზნისკენ. ქეთი მუდმივად ეძებს ბიზნესის ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს. ის არ ჩერდება, აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სახის  გამოფენებში და ახდენს მისი ნამუშევრების რეალიზებას.
პროფესიულ განვითარებასთან ერთად ქეთი სწავლასაც ახერხებს. მან გელათის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა და ამჟამად ქრისტიანულ ხელოვნებას სწავლობს.

საქართველოში დღესდღეობით საკმაოდ ბევრი მარტოხელა დედაა, რომელთაც ყოველდღიურად უამრავ გამოწვევებთან გამკლავება უწევთ. თუმცა, ქეთი არის  მაგალითი თუ როგორ შეიძლება ყველაფერი დაიწყო თავიდან, ისწავლო, იპოვო საყვარელი საქმე და იბრძოლო კარიერული განვითარებისკენ.   მან დაამტკიცა,  რომ ყველაზე რთულის სიტუაციიდანაც არსებობს გამოსავალი, მთავარია ირწმუნო საკუთარი თავის. 

„უზომოდ მადლიერი ვარ ყოველი ადამიანის, რომელმაც გაითავისა ჩემი რთული მდგომარეობა, დამეხმარა, გამამხნევა და მომავლის იმედი ჩამისახა. მე ძალიან გამიმართლა. ვიცი მრავალი ქალია ჩემს მდგომარეობაში და გავამხნევებდი, რომ არ დაყარონ ფარ-ხმალი და იბრძოლონ საკუთარი და თავისი შვილების ბენდიერებისთვის“.