გამოცდილება, რომელსაც მთავარ მიზნამდე მიყავხარ
10 ოქტომბერი

World Vision საქართველოს კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა ხელს უწყობს სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული და ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების კომპეტენციების განვითარებას და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებას სხვადასხვა ინიციატივების საშუალებით.  

მიმდინარე წელს, ბავშვთა დაცვის მიმართულებით მთავარი აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდების სამეწარმეო, კომუნიკაციების და მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარებაზე, ასევე პროფესიული ზრდის ხელშეწყობასა და მათ ეკონომიკურ გაძლიერებაზე. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, სახელმწიფო ზრუნვაში და ზრუნვიდან გასულ 10-მდე ახალგაზრდა დაესწრო საინფორმაციო სესიებს მცირე მეწარმეობაზე, ინოვაციებსა და წარმატებულ სტარტაპებზე, შეისწავლა პროექტებისა და ბიზნეს გეგმის წერა და მართვა.  მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, ყველა მონაწილე აქტიურად  ჩაერთო World Vision საქართველოს პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ახალგაზრდული იდეების კონკურსში. წარმოდგენილი საპროექტო იდეების საფუძველზე, სამმა ახალგაზრდამ მოიპოვა დაფინანსება, რომელთაგან ორი მინდობით აღზრდაში, ხოლო ერთი მცირე საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობს.  

მაია კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია, რომელიც უკვე 16 წლის არის და ორი წელია რაც მცირე საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობს. თელავში გადმოსვლის შემდეგ, სხვა მოზარდებთან ერთად ახალგაზრდულ კლუბში დარეგისტრირდა. 

„თავდაპირველად, ორგანიზაციის შესახებ იმ ბავშვებისგან გავიგე ვისთან ერთადაც ამჟამად ვცხოვრობ თელავში. ბევრი კარგი მესმოდა თანატოლების მხრიდან კლუბის შესახებ. ადგილი, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ როგორ მართონ ემოციები, როგორ დაისახონ ცხოვრებისეული მიზნები, როგორ დაამყარონ სწორი კომუნიკაცია გარშემომყოფებთან, ასევე სწავლობენ პროექტების წერას და მართვას იმისთვის, რომ მომავალში საინტერესო იდეები რეალობად აქციონ. მომინდა მეც გავმხდარიყავი ამ კლუბის წევრი და მონაწილეობა მიმეღო ახალგაზრდული პროექტებში. ასეც მოვიქეცი. მალე იდეების კონკურსი გამოცხადდა და გადავწყვიტე ჩემი იდეაც წარმედგინა. მართალია ვფიქრობდი, რომ ამ გამოწვევას დავძლევდი და წარმატებით მივაღწევდი დასახულ მიზანს, თუმცა თავდაპირველად მაინც მქონდა შიში და იმის განცდა, რომ ახალი ვიყავი და შეიძლებოდა სხვა უფრო გამოცდილს გაემარჯვებინა.  იმასზეც ვფიქრობ, რომ შეიძლება დაფინანსება ვერ მომეპოვებინა, მაგრამ თან სულ მახსენდებოდა სესია ცხოვრებისეული მიზნის დასახვაზე, რომელიც გამორჩეულად მომეწონა. ერთ-ერთ შეხვედრაზე სამიზნე თავად დავხატეთ და მიზანში სასროლი საგანიც თავად შევქმენით. ზოგმა მოახვედრა მიზანს, ზოგმა ვერ.  შემდეგ ეს ყველაფერი განვიხილეთ და ცხოვრებისეულ ამბებს დავუკავშირეთ. სწორედ ამ სავარჯიშოს შემდეგ დავისახე მიზანი, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა მიმეღწია,“ - აღნიშნა მაიამ. 

 

ჩვენს კითხვაზე თუ რა მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი მოზარდებისთვის მსგავს შესაძლებლობებს, მაიამ თამამად გვიპასუხა: 

„ჩვენ წამოსული ვართ ოჯახიდან, ერთის მხრივ მოკლებული ვართ გარკვეულ შესაძლებლობებს, თუმცა მეორეს მხრივ მსგავს პროექტებში ჩართვა გვაძლევს შესაძლებლობას ვისწავლოთ, განვვითარდეთ და საკუთარ თავში ვიპოვოთ ძალა -ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, საკუთარ მომავალზე. ახალგაზრდებისთვის დაგეგმილ ღონიძიებებში მონაწილეობისას უამრავი მეგობარი შევიძინე, ადამიანებთან ურთიერთობა ვისწავლე, უფრო კომუნიკაბელური გავხდი და მათთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება შევიძინე.“

გარდა პიროვნული განვითარებისა, ჩვენი ორგანიზაცია მაიას პროფესიული ზრდისა და უნარების გაუმჯობესების მიმართულებითაც დაეხმარა. ჭრა-კერვის წარმატებული სწავლების შემდეგ, მას საკერავი მანქანა, ქსოვილები, ძაფები და კერვისთვის საჭირო სხვა ინვენტარი გადაეცა. ვფიქრობთ. ამით მაიას დავეხმარებით ხორცი შეასხას საკუთარ ინიციატივას, დაკავდეს ხელსაქმით, შეკეროს ჩანთები და კერვა ეკონომიკური სიმყარის საფუძვლად აქციოს. 

„პროექტის ფარგლებში გადმოცემული საკერავი მანქანების მეშვეობით მე ჩემი ოცნების პატარა ნაწილი უკვე ავისრულე. კერვის სამთვიანი კურსი წარმატებით დავასრულე და ახლა უკვე დიდი მიზნის მისაღწევად დავიწყებ მოქმედებას. ვაპირებ, მეტი ვისწავლო, კოლეჯში ჩავაბარო და მაქსიმალურად განვვითარდე ჩემს პროფესიაში. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივაღწევ მწვერვალს, რაც ჩემს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის,“ -  მაია. 

როგორც თვითონ ამბობს, ამ პროექტმა პირველი ნაბიჯი გადაადგმევინა მიზნისკენ მიმავალ მაიას, შემდეგი ნაბიჯი კი პროფესიული განათლების მიღება იქნება. მაია წელს თელავის პროფესიულ სასწავლებელში მისაღებ გამოცდებს აბარებს და  მზადაა საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.