ქალები ცვლილებებისთვის
02 სექტემბერი

უკვე მესამე წელია რაც სოფელ ლალისყურსა და ქვემო ხოდაშენში World Vision საქართველოსა და  კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ხელშეწყობით ორი ყველაზე აქტიური მშობელთა კლუბი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. დღესდღეობით ორგანიზაციები საკუთარ თემში მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ, თემში არსებული პრობლემების ადვოკატირების, ქალების, სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლებისა და კულტურულ-შემეცნებითი პროგრამების განხორციელების გზით.


„ჩვენი საქმიანობით ვცდილობთ სოფლის მოსახლეობას შევუმსუბუქოთ არსებული მძიმე ყოფა და ვიყოთ საჭირო დროს საჭირო ადგილზე, რათა გავუმკლავდეთ როგორც სოციალურ- ეკონომიკური სიდუხჭირით, ისე პანდემიით წამოჭრილ პრობლემებს და მინიმუმადე დავიყვანოთ.“ - ამბობს თამარ ხალიჩავა, სოფელ ხოდაშენის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი.  მის ორგანიზაციას  დაარსებიდან დღემდე 70-მდე ინიციატივა აქვს განხორციელებული თემში.


ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების პროგრამის ფარგლებში World Vision საქართველოს მხარდაჭერით კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა სამიზნე თემებში შექმნა მშობელთა კლუბები. კლუბების შექმნის მიზანი იყო თემში მცხოვრებ მშობლებს საშუალება ჰქონოდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ ადრეულ ასაკში ბავშვზე ზრუნვისა და განვითარების საუკეთესო პრაქტიკები. გარდა ამისა, კლუბის ფასილიტატორები პერიოდულად ესწრებოდნენ World Vision International-ის საპროექტო მოდელის ,,წინ, წინ ჩემო პატარავ” მიხედვით ჩატარებულ ტრენინგებს, რომელიც 0-3 წლამდე ასაკის ბავშვის განვითარების თავისებურებებს, პოზიტიური მშობლობის და აღზრდის სტილების შესახებ ცნობიერების გაზრდას გულისხმობდა. კლუბების ფუნქციონირება საკმაოდ მდგრადი და გრძელვადიანი პროცესი აღმოჩნდა, რამაც საბოლოოდ ყველაზე აქტიური კლუბების ცალკე ორგანიზაციებად ჩამოყალიბება განაპირობა. 


,,მშობელი, რომელიც სწავლობს როგორ გახდეს უკეთესი მშობელი შვილისათვის არის, არა მხოლოდ იმის საწინდარი, რომ ეს ბავშვი გაიზრდება ჯანსაღ სოციალურ გარემოში, არამედ ეს თემის, საზოგადოების განვითარების და გაუმჯობესებული კეთილდღეობის წინაპირობაა. ჩვენი პროგრამის ფარგლებში შექმნილი მშობელთა კლუბის დამფუძნებლებს ეს ძალიან კარგად ესმით, ამიტომაც მათ ყოვედღიური წვლილი შეაქვთ თავიანთი და არა მხოლოდ თავიანთი თემის განვითარებაში, ჩვენ კი ვცდილობთ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რომ მათი  წვლილი იყოს ჯეროვანი”- ამბობს World Vision საქართველოს ინკლუზიის, ადრეული ბავშვობის, და თემის ჩართულობის პროგრამების ხარისხის მენეჯერი ცირა ბარქაია.


მშობლების და ზოგადად ქალების როლის გააქტიურება თემის დონეზე განსაკუთრებული პრიორიტეტია კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრისთვის, შესაბამისად  ახლადჩამოყალიბებულ ორგანიზაციებს დაარსების დღიდან გვერდში უდგას და განვითარებაში ეხმარება. დამფუძნებელი ქალებისთვის დაიგეგმა და ჩატარდა ტრენინგები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა ორგანიზაციული მართვა, საგრანტო ინიციატივების წერა და მართვა, ფონდების მოძიება, ფინანსების მართვა და ადმინისტრაცია. პარალელურად, 2019 წლიდან დღემდე კსგ ცენტრი ყოველწლიურად აფინანსებს მათ მიერ შემოთავაზებულ მცირე საგრანტო პროექტებს, რაც დამატებით შესაძლებლობებს აძლევს ორგანიზაციებს დამოუკიდებლად მართონ პროცესები. 


"თემის  დონეზე  ადგილობრივი   ორგანიზაციების,  შექმნა   ემსახურებოდა იდეას,  რომელიც მიმართულია  იყო,   თემის  წევრების  გაძლიერების  და   მათი  ცნობიერების  ამაღლებას,   საკუთარი  პრობლემების  გადასაჭრელად.    არსებული  გამოცდილებამ  და  უკვე მათ  მიერ  განხორციელებულმა  პროექტებმა,  არა  ერთი  საინტერესო  შესაძლებლობა გააჩინეს  თემის    წევრებისთვის, რაც  გვაძლევს  იმის  თქმის  საფუძველს, რომ  აღნიშნული ინიციატივა  არის  წარმატებული," - ამბობს კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი - ნანა ათუაშვილი. 


აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიით გამოწვეული სირთულეებიდან გამომდინარე, ბოლო პროექტით სათემო ორგანიზაციებმა დიდი წვლილი შეიტანეს დისტანციური სწავლების ხელშეწყობის პროცესში. მათ დაგეგმეს და განახორციელეს ისეთი პროექტები, რომელიც ხელს უწყობდა ამ მიმართულებით როგორც მშობლების, ისე მათი შვილების უნარ-ჩვევების განვითარებას. გარდა ამისა, ორგანიზაციები უკვე მყარ პარტნიორებად მოიაზრებიან თემში არსებული ისეთი ინსტიტუციებისთვის, როგორებიცაა: სკოლამდელი დაწესებულება, საჯარო სკოლა, პირველადი სამედიცინო ჯანდაცვის ცენტრი, ბიბლიოთეკა და სხვა დაწესებულება. სათემო ორგანიზაციებს უკვე მყარი პარტნიორობა აქვთ სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგნიზაციებთან და ყოველდღიურად ზრუნავენ საკუთარ თემში სხვადასხვა სახის პრობლემების მოგვარებაზე.

#ქალებიცვლილებებისთვის