იზა - ახალგაზრდა დედა, რომელიც თავისი პროფესიით მუშაობს და ოჯახს ინახავს
02 აგვისტო

იზა სოფელ ვაზისუბანში მცხოვრები ახალგაზრდა დედაა, რომელიც ორ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც  ჩაერთო World Vision საქართველოს  პროგრამაში „ერთად დავძლიოთ სიღარიბე“, რომელიც ხორციელდება კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის მიერ.


„ერთად დავძლიოთ სიღარიბე“ მოდელი World Vision საქართველოს ბავშვთა დაცვის პროგრამის ფარგლებში 2019 წელს დაიწყო და მისი მიზანია ოჯახების მხარდაჭერა, ეკონომიკური გაძლიერება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ოჯახებთან ინტენსიური პრევენციული ღონისძიებების განხორციელების გზით.  


პროგრამაში ჩართვამდე იზას ძირითადი საქმიანობა ბავშვების აღზრდა და ოჯახური საქმიანობა იყო. გამომდინარე იქიდან, რომ იზას მეუღლეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გააჩნდა, ოჯახის წევრებზე ზრუნვა და ყველა სხვა საოჯახო საქმიანობების შესრულება თავად იზას უწევდა. მიუხედავად იმისა, რომ იზას საექთნო განათლება ჰქონდა მიღებული, წლების მანძილზე პროფესიით დასაქმება ვერ შეძლო. 


World Vision საქართველოს ადგილობრივი ოფისის მხარდაჭერით, მისი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ორგანიზაცია პირველ რიგში ოჯახს საბაზისო საჭიროებების უზრუნველყოფაში დაეხმარა, რის შემდგომაც ოჯახის სტაბილურობასა და განვითარებაზე დაწყო ზრუნვა. World Vision საქართველოს დახმარებით, იზამ გაიარა დასაქმებისთვის საჭირო მოსამზადებელი პერიოდი, რის შემდგომაც მოძიებულ იქნა ექთნის თანაშემწის პოზიცია. იზამ წარმატებით გაიარა გასაუბრება და ახლა ის ქალაქ თელავის ერთ-ერთი წამყვან კლინიკაში ექთნის თანაშემწედ მუშაობს. გარდა იმისა, რომ იზამ ბავშვობის ოცნება აისრულა ახლა მას და მის ოჯახს ყოველთვიური შემოსავალი გაუჩნდა. 


„ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მოვხვდებოდი იმ სფეროში, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. ეს ორგანიზაცია ჩემ ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდა და ყველაფერი შეიცვალა. შესაძლებლობა მომეცა, რომ ის მეკეთებინა, რაც ყოველთვის მომწონდა და რაც მთავარია ეს საქმე ჩემი შემოსავლის წყაროდ მექცია. მას შემდეგ რაც დავსაქმდი, უფრო თავდაჯერებული გავხდი,“- აღნიშნა იზამ. 

იზა დღესდღეობით აქტიური და რეალიზებული ქალია. გარდა იმისა რომ დასაქმებულია, აგრძელებს პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას და კომპიუტერული ტექნოლოგიების შესახებ კურსს გადის. მუდმივად ესწრება World Vision საქართველოს კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს და ზრუნავს მისი და ოჯახის განვითარებასა და კეთილდღეობაზე. 


World Vision საქართველო აქტიურად მუშაობს უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების გაძლიერების მიმართულებით და უზრუნველყოფს მათი უნარების გაძლერებას, დასაქმების ხელშეყობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას სამიზნე რეგიონებში. მიმდინარე წელს ოჯახის გაძლიერების პროგრამაში 286 ოჯახია ჩართული.