ახალგაზრდა, რომელიც თავისი შემოსავლით ოჯახს არჩენს
13 ივლისი

განათლებაზე ხელმისაწვდომობის არარსებობა, შეზღუდული რესურსები, სოციალური თუ ბიზნეს ქსელის არასაკმარისი რაოდენობა -  ეს იმ გამოწვევების მცირე ჩამონათვალია, რომელთა წინაშეც დგას დღეს უკიდირეს სიღარიბეში მცხოვრები ახალგაზრდების უმეტესობა. 


17 წლის ვახტანგს, სხვა დაუცველ ახალგაზრდების მსგავსად, მხოლოდ დაბალანაზღაურებადი არაფორმალური სამუშაოს პოვნა შეეძლო. თუმცა World Vision საქართველოს იმერეთის განვითარების ცენტრის დიდი ძალისხმევით, დღეს ვახტანგი ავტომობილების სერვისების დიდ ცენტრში „მათე მოტორსი“ მუშაობს  და საკუთარ ოჯახს ფინანსურადაც ეხმარება.

ვახტანგი ქუთაისის ღარიბ, ბოშებით დასახლებულ უბანში ცხოვრობს. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1,500 ბოშაა რეგისტრირებული, ისინი ერთ – ერთ ყველაზე ღარიბ ეთნიკურ ჯგუფად ითვლება. ბევრი ბოშა ბავშვი, სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, ვერ სარგებლობს ქვეყანაში არსებული სხვადასხვა მომსახურებითა თუ დახმარებით. ასე იყვნენ, ვახტანგი და მისი 4 დედ-მამიშვილიც. თავად ვახტანგმა სკოლაში მხოლოდ რამდენიმე წელი ისწავლა, ძირითადად ის ოჯახთან ერთად  სიღარიბეს ებრძოდა. 


ვახტანგსა და ჩვენს ორგანიზაციას შორის ურთიერთობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც World Vision საქართველოს მობილურმა ჯგუფებმა ის აღმოაჩინეს. ჩვენი მობილური ჯგუფები, ყოველდღიურად მუშაობენ დაუცველ ბავშვებთან -  ისინი ეძებენ მათ თბილისის და ქუთაისის ქუჩებში, ადგილზეც  უწევენ დახმარებას ან სთავაზობენ ცენტრში არსებულ მომსახურებას.

სოციალური მუშაკი მაია ქამუშაძე განმარტავს, რომ ვახტანგი და მისი და-ძმა ძალიან ცუდ პირობებში ცხოვრობდნენ, ისინი ვერ იღებდნენ სამედიცინო მომსახურებას საჭირო დოკუმენტაციის არარსებობის გამო. World Vision საქართველოს იმერეთის განვითარების ცენტრი მხარში დაუდგა ოჯახს, შეაფასა მათი საჭიროებები და დაეხმარა მათთვის საჭირო მომსახურების მიღებაში. ოჯახის წევრებს გადაეცათ ავეჯი, მათ გაიარეს პირადი ჰიგიენის ტრენინგებიც. 


გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახს არ ჰქონდა სტაბილური შემოსავალი, გადაწყდა ვახტანგის გადამზადება და დასაქმება.

”თავდაპირველად მან გაიარა 6 თვიანი სტაჟირება, ამ პერიოდში კარგად გამოჩნდა რამდენად მოტივირებული ადალგაზრდა იყო იგი. პანდემიის დროსაც კი, როდესაც ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეჩერებული იყო, ვახტანგი ფეხით ან ველოსიპედით დადიოდა ცენტრში. მას არასდროს გაუცდენია სტაჟირების გაკვეთილი. მისი ასეთი მონდომება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მას შესთავაზეს სამსახური და დაასაქმეს,” - ამბობს მირანდა მანაგაძე.

მირანდა იმერეთის განვითარების ცენტრის დასაქმების სპეციალისტია, რომელიც ხელს უწყობს ღარიბ და დაუცველ მოზარდებს და ახალგაზრდობას, გახდნენ წარმატებული და თავდაჯერებული ადამიანები. ერთ-ერთი ასეთი ახალგაზრდაა ვახტანგიც, რომელმაც სტაჟირებასთან ერთად  გაიარა ტრენინგებიი ფინანსური საკითხებსა და დაზოგვის კარგი პრაქტიკის შესახებ.


დღეს, ვახტანგის მიერ გამომუშავებული ანაზღაურება ერთადერთი გზაა მისთვის და მისი ოჯახისთვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.  როგორც ვახტანგი ამბობს, მას სიამოვნებს მუშაობა და თავს ბედნიერად გრძნობს, რომ მიეცა შესაძლებლობა შეეცვალა ცხოვრება უკეთესობისკენ.


„მანქანები ბავშვობიდან მიყვარდა, მეზობელს ვეხმარებოდი ხოლმე შეკეთებაში, როცა ამ ცენტრში სტაჟირება დავიწყე ძალიან გამიხარდა, მაშინ არც კი ვიცოდი, რომ დამასაქმებდნენ,“ - ამბობს ვახტანგი.

ის ბევრს შრომობს და მცირე დანაზოგის გაკეთებაც კი დაიწყო, რადგან იმედი აქვს, რომ ერთ დღეს გახსნის საკუთარ ავტო სერვისს და მისნაირ ახალგაზრდებს დაასაქმებს.

2013 წლიდან World Vision საქართველო მუშაობს სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებთან და ეხმარება მათ დასაქმებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. ყოველდღიურად, 100-ზე მეტი ბავშვი და ახალგაზრდა იღებს სხვადასხვა სახის მომსახურებას ჩვენი დღის ცენტრებისა და 24-საათიანი თავშესაფრების საშუალებით.


თუ გსურთ, თქვენი წვლილი შეიტანოთ და დაეხმაროთ მიუსაფარ ბავშვებს და მოზარდებს, გახდით დონორები და გაიღეთ შემოწირულობა მათ მხარდასაჭერად: www.worldvision.ge/donate