World Vision საქართველოსა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC) შორის მემორანდუმი გაფორმდა
25 მაისი

დღეს, 25 მაისს, World Vision საქართველოსა და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (NCDC)  შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში მიზნად ისახავს საქართველოში იმუნიზაციასა და COVID-19 ვაქცინაციასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისა და საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერას.

მემორანდუმს ხელო მოაწერეს World Vision საქართველოს დირექტორმა - ეკატერინე გურგენაძემ და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში - პაატა იმნაძემ.  ხელმოწერის დასრულებისთანავე ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, სადაც ორივე მხარის წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს დოკუმენტით გათვალისწინებული ერთობლივი ინიციატივები და ღონისძიებები.

 მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ზოგადი და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის - მასწავლებლებისთვის, აღმზრდელებისა და სფეროს სხვა წარმომადგენლებისთვის, აგრეთვე პირველადი ჯანდაცვის ობიექტების სამედიცინო პერსონალისათვის საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში; ასევე, ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ სხვადასხვა სახის საინფორმაციო - საგანმანათლებლო  მასალების შემუშავება და გავრცელება როგორც სასკოლი, ისე სკოლამდელი დაწესებულებებისთვის.

საგანმანათლებლო შეხვედრებს გაუძღვებიან დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც შეხვედრის მონაწილეებს მიაწვდიან უახლეს ინფორმაციას მსოფლიოში COVID-19 პანდემიის მიმდინარეობისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვის მსოფლიო გამოცდილების შესახებ; ასევე ისაუბრეს ვაქცინაციის მნიშვნელობასა და მის როლზე კოვიდის პანდემიის შეჩერებაში;  ვაქცინაციასთან დაკავშირებულ გამოწვევები და კოვიდ-ვაქცინების მიმღებლობის შესახებ როგორც საქართველოში ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
 

2021 წლის ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში World Vision საქართველომ მხარი დაუჭირა  დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს იმუნიზაციისა და COVID-19 ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით და  უკვე ჩაატარა საგანმანათლებლო შეხვედრები კახეთსა და იმერეთში. მიმდინარე წელს, World Vision საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით საგანმანათლებლო შეხვედრები საქართველოს სხვა სამიზნე მუნიციპალიტეტებშიც ჩატარდება.