World Vision საქართველო წლებია მუშაობს ყრუ და სმენადაქვეითებულ, ასევე უსინათლო და მცირემხედველ ბავშვებთან, მათთვის ქმნის ინკლუზიურ საგანმანათლებლო და განმავითარებელ შესაძლებლობებს.
ამ ინიციატივის ფარგლებში, World Vision საქართველომ თბილისისა და ქუთაისის სპეციალიზებულ სკოლებში დააფუძნა სამი მკითხველთა კლუბი — ორი კლუბი ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის (თბილისის №203 საჯარო სკოლასა და ქუთაისის №45 საჯარო სკოლაში) და ერთი კლუბი უსინათლო ბავშვებისთვის (თბილისის №202 საჯარო სკოლაში). აღნიშნული კლუბები იქცა უსაფრთხო და მოტივაციურ სივრცეებად, სადაც ბავშვები რეგულარულად იკრიბებიან, კითხულობენ, მსჯელობენ და საკუთარ იდეებს ჟესტური ენისა და ბრაილის საშუალებით წარმოადგენენ.
მნიშვნელოვანია, რომ ინიციატივა არ შემოიფარგლება მხოლოდ ტექნიკური აღჭურვილობის მიწოდებით. მიუხედავად იმისა, რომ სკოლები უზრუნველყოფილია საჭირო ტექნიკით (პრინტერები, ლეპტოპები, პროექტორის ეკრანები, დინამიკები, ყურსასმენები, მაგიდის ნათურები და სხვ.), თანაბარი ყურადღება ეთმობა ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო რესურსებისა და სასწავლო მასალების მიწოდებას. ეს მოიცავს ადაპტირებულ წიგნებს, საკანცელარიო ნივთებსა და სხვა მასალებს, რომლებიც აუცილებელია წლის განმავლობაში დაგეგმილი განმავითარებელი აქტივობების მხარდასაჭერად.
მკითხველთა კლუბების მეშვეობით პროგრამა ხელს უწყობს კლასგარეშე ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებში წიგნიერების უნარების გაძლიერებას. ინიციატივის ფარგლებში მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობენ მათთვის სასურველი წიგნების შერჩევაში, რაც უზრუნველყოფს პროცესის შესაბამისობას, ჩართულობასა და პასუხისმგებლობის გაზრდას.
თბილისის და ქუთაისის ორ საჯარო სკოლას, სადაც ყრუ და სმენადაქვეითებული ბავშვები სწავლობენ გადაეცა 40-ზე მეტი წიგნი მხატვრული და საბავშვო ლიტერატურიდან, რომელიც აქტიურად გამოიყენება არაფორმალური სწავლების ფარგლებში.
ბავშვთა არჩევანის შესაბამისად, World Vision საქართველომ ხელი შეუწყო შერჩეული მასალების ხელმისაწვდომ ფორმატებში ადაპტაციას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ორი წიგნი — ზანდა ჩეჩელაშვილის „მე ვარ“ და რ. ჯ. პალაციოს „საოცრება“ — ბავშვების სურვილის საფუძველზე ბრაილის შრიფტზე ითარგმნა დათბილისის №202 საჯარო სკოლას გადაეცა. შედეგად, უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა სრულფასოვნად ჩაერთულიყვნენ წიგნიერების განვითარების პროცესში თანატოლებთან ერთად.ორივე წიგნი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ინკლუზიური განათლების მიზნების მიღწევას. „მე ვარ“ ეხება იდენტობის, მრავალფეროვნებისა და სწავლის სირთულეების თემებს, ხოლო „საოცრება“ ავითარებს ემპათიას, სიკეთესა და მიმღებლობას ბავშვის ისტორიის მეშვეობით, რომელიც სოციალური ინტეგრაციისა და ჩაგვრის გამოწვევებს აწყდება. აღნიშნული თემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებში სოციალური ცნობიერების, ემოციური განვითარების და ინკლუზიური ღირებულებების გასაძლიერებლად.
ტექნიკური აღჭურვილობისა და ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო რესურსების ერთობლივი უზრუნველყოფით, ინიციატივამ გააძლიერა ინკლუზიური სასწავლო გარემო, გაზარდა წიგნიერების შესაძლებლობები და ხელი შეუწყო უსინათლო და მცირემხედველ ბავშვების უფრო აქტიურ და დამოუკიდებელ ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში.
{{reset.message}}