ნინოს ისტორია - გზა წარმატებისკენ
22 ოქტომბერი

ნინო თელავის მუნიციპალიტეტის პატარა და ლამაზ სოფელ ბუშეტში ცხოვრობს მეუღლესთან, დედამთილთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად. წლების განმავლობაში მისი ყოველდღიურობა მხოლოდ საოჯახო საქმეებს უკავშირდებოდა. ოჯახი ეკონომიკურ სირთულეებს განიცდიდა, ხოლო სოციალური იზოლაცია მათ შესაძლებლობებს კიდევ უფრო ზღუდავდა.

სოფლის შედარებით მოშორებულ ნაწილში მცხოვრებ ნინოს სამყარო საკუთარი ეზოს ფარგლებს იშვიათად სცილდებოდა.  მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს შედარებით სტაბილური საცხოვრებელი პირობები ჰქონდა, მათ არ ჰქონდათ საკმარისი ინფორმაცია და წვდომა განათლების, ჯანდაცვისა და ბავშვთა განვითარების შესაბამის სერვისებზე. დაბალი მოტივაციის და სოციალიზაციის ნაკლებობის გამო, საბავშვო ბაღში ბავშვების რეგულარულად ტარებასაც ვერ ახერხებდა, თვითგანვითარებაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო. 

„მეგონა, ცხოვრება ჩემს გარეშე მიდიოდა, მე კი ჩემს პატარა ნაჭუჭში ვიყავი“ — იხსენებს ნინო. — „როცა ცვლილებებზე არ ფიქრობ - ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. უბრალოდ იღვიძებ და აგრძელებ ცხოვრებას ყოველგვარი მოლოდინის გარეშე.“

თუმცა ერთ დღეს, მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა.

ოჯახს შესთავაზეს ჩართულიყო პროექტში „ერთად“, რომელიც სიღარიბის დაძლევას და ოჯახების მრავალმხრივ გაძლიერებას ისახავდა მიზნად. გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს — ეს შანსი უნდა გამოეყენებინათ. სწორედ აქედან დაიწყო მათი ცხოვრების ახალი ეტაპი.

პროექტის ფარგლებში ოჯახის გაძლიერების კონსულტანტთან მუშაობამ მათ საკუთარი საჭიროებების დანახვა, გააზრება და გადაჭრის გზების ძიება ასწავლა. მათ მიიღეს ინფორმაცია საკუთარი უფლებებისა და ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ეს ნინოს დედამთილისთვის, რომელიც ეპილეფსიით არის დაავადებული და საჭირო სამედიცინო მომსახურებას ახლა უკვე იღებს.

ნინოსთვის გარდამტეხი აღმოჩნდა ცხოვრებისეული უნარებისა და პოზიტიური მშობლობის სესიები. როგორც თავად აღნიშნავს, სწორედ აქ დაიწყო ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები მისთვის. აქ მან ახალი მეგობრები შეიძინა, გააფართოვა მხარდამჭერთა წრე და, რაც მთავარია, საკუთარი თავის რწმენა მოიპოვა.  შეიცვალა მისი დამოკიდებულება შვილების განვითარებისა და საჭიროებების მიმართ — დღეს ბავშვები რეგულარულად დადიან საბავშვო ბაღში, ხოლო ნინო საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც უფრო აქტიურად ერთვება. ახალი შესაძლებლობებიც გაჩნდა. 

ოჯახის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ეკონომიკური გაძლიერებაც. მათ ჩურჩხელის დამზადების დიდი გამოცდილება ჰქონდათ, თუმცა საჭირო ინვენტარის არქონის გამო ამას მხოლოდ მცირე რაოდენობით და დღესასწაულებზე ახერხებდნენ. პროექტის მხარდაჭერით ოჯახმა მიიღო ჩურჩხელის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა და მცირე ბიზნესიც დაიწყეს. მათ ასევე გადაეცათ ხილის საშრობი აპარატიც, რაც ნინოს საშუალებას აძლევს საკუთარი ეზოში მოყვანილი ხილისგან ჩირი აწარმოოს და ამით ოჯახის შემოსავალი გაზარდოს.

ნინოს ოჯახი ჩურჩხელას მუდმივად ამზადებს და თბილისის სამ მაღაზიაში აბარებს - შემოსავალიც საგრძნობლად გაიზარდა. წელს ჩირის წარმოებასაც გეგმავენ. უახლოეს მომავალში  კი ბიზნესისა და მარკეტინგის კონსულტანტი მათ საქმიანობის განვითარებასა და გაფართოებაშიც დაეხმარება.

დღეს ნინოს ოჯახის წევრები დღეს უფრო მხიარულები, მოტივირებულები და აქტიურები არიან.

ყველაზე დიდი ცვლილება კი ნინოს შინაგან სამყაროში მოხდა.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარ თავში შესაძლებლობების აღმოჩენა და რწმენა. არ თქვა უარი  ახალ შესაძლებლობებზე.  ცხოვრებაში ყოველთვის შეგიძლია რაღაც შეცვალო — მთავარია, მოინდომო, - ამბობს ნინო, - "ბედნიერი და უსაზღვროდ მადლიერი  ვარ ამ პროექტის, რომელმაც მომცა შანსი ჩემს ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები განმეხორციელებინა.“ 

შვედეთის მიერ დაფინანსებული პროექტი „ერთად“ (ERTAD)  მხარს უჭერს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას და ქმნის შესაძლებლობებს მათი როგორც პიროვნული, ისე პროფესიული განვითარებისათვის. პროექტის ფარგლებში ქალები იუმჯობესებენ მშობლობის უნარებს, იძენენ ახალ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს და იღებენ მრავალმხრივ მხარდაჭერას საკუთარი მცირე ბიზნესის დასაწყებად. ეს ჰოლისტური მიდგომა ეხმარება მათ გახდნენ უფრო თავდაჯერებული და დამოუკიდებელნი, რაც მათ საშუალებას აძლევს შექმნან უკეთესი მომავალი და ბედნიერად იცხოვრონ საკუთარ ოჯახებთან ერთად.