გაიცანით ვაჟა – სოციალური მეწარმე, რომლის ისტორიაც გვიჩვენებს, როგორ შეუძლია ადამიანს შესაძლებლობების სწორად გამოყენებით საკუთარი ცხოვრება შეცვალოს. ვაჟა ქუთაისში გაიზარდა – ქალაქში, სადაც ოჯახისა და მეზობლების თანადგომა ყოველდღიურობის ბუნებრივი ნაწილი იყო. დღეს უკვე, ის თავისი რეგიონისთვის ქმნის მნიშვნელოვან სივრცეს განვითარების და წინსვლისთვის. ვაჟას მიერ დაარსებული სივრცე – „ცოდნის ოდა“ – უნიკალური და შთამაგონებელი ადგილია ახალგაზრდებისთვის, სადაც ისინი სწავლობენ, იზრდება მათი თვითშეფასება და იძენენ იმ უნარებს, რაც მათ დამოუკიდებელი და წარმატებული მომავლისთვის სჭირდებათ.
„ქუთაისში ნამდვილად ბედნიერი ბავშვობა მქონდა,“ — ამბობს ვაჟა. „მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როცა თბილისში, იურიდიულზე სასწავლებლად ჩამოვედი. იქ სრულიად ახალი სამყარო დავინახე — აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც უკვე ჩართულები იყვნენ სხვადასხვა პროგრამებსა და ინიციატივებში. მაშინ პირველად ვიფიქრე — რატომ არ არსებობდა ასეთი შესაძლებლობები ჩემს ქალაქში?“
ვაჟამ გადაწყვიტა, შეექმნა ადგილი, სადაც მის მსგავს ახალგაზრდებს შეეძლებოდათ სწავლა, განვითარება და თავიანთი პოტენციალის სრულად გამოვლენა — „ცოდნის ოდა“ სწორედ ამ იდეის შედეგია.
„ცოდნის ოდა“ - ხიდი ახალგაზრდებთან
ვაჟას დიდი ოცნება რეალობად იქცა. „ცოდნის ოდა“ - ეს არის მრავალფუნქციური ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც პაპისეულ სახლში დააარსა. დღეს ამ სივრცის გარემონტება მიმდინარეობს World Vision Georgia-ს მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული SKYE NET პროექტის ფარგლებში.
„რეგიონებში ახალგაზრდებს ხშირად არ აქვთ წვდომა ინფორმაციაზე და მოტივაციაც ნაკლებია,“ — ამბობს ვაჟა. „მათ სჭირდებათ მენტორები, რომლებიც მათ შთააგონებენ და დაანახებენ, როგორი შეიძლება იყოს მათი მომავალი და როგორ შეიძლება პატარა ნაბიჯი დიდი ცვლილების მომტანი გახდეს .“
„ცოდნის ოდა“ სწორედ ამ მიზანს ემსახურება — ეს იქნება სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ სწავლა, განვითარება და გართობა. ცენტრში განთავსდება ბიბლიოთეკა, კომპიუტერებით აღჭურვილი საკონფერენციო ოთახი და ღია სივრცე ტრენინგებისა თუ კულტურული ღონისძიებებისთვის.
ვაჟას გეგმაშია ჩატარდეს სემინარები კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, გრაფიკულ დიზაინში, კარიერულ განვითარებასა და სამოქალაქო აქტივიზმში — ყველაფერი ხელმისაწვდომ ფასად ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის.
„ჩემი ცხოვრება შეცვალა სამდღიანმა დებატების კლუბმა,“ — იხსენებს ვაჟა. „ეს პატარა ნაბიჯი იქცა დიდ ცვლილების საწყისად. ახლა მე მინდა, ეს მოტივაცია და შესაძლებლობა მივცე სხვა ახალგაზრდებს.“
{{reset.message}}