World Vision საქართველოს ბავშვთა ცენტრებს, რომლებიც მიუსაფარ და მოწყვლად ბავშვებზე ზრუნავს 10 წელი შეუსრულდა. იუბილეს აღსანიშნად და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის ცენტრის ბავშვებისთვის სადღესასწაულო ღონისძიება მოეწყო, რომლის დაგეგმვა-განხორციელებაში თვითონ ბავშვებმა მიიღეს აქტიური მონაწილეობა.
ბავშვებმა გამოფინეს საკუთარი ხელით შექმნილი ულამაზესი ნამუშევრები და ასევე წარმოადგინეს ცეკვისა და სიმღერის დადგმები. წარმოდგენების შემდეგ ბავშვების განწყობაზე იზრუნეს ანიმატორებმა და ისინი სხვადასხვა სახალისო თამაშში და შეჯიბრებაში ჩართეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ World Vision საქართველოს თანამშრომლები, პარტნიორები და კერძო კომპანიების წარმომადგენლები, ვინც მხარს უჭერს და ზრუნავს ბავშვებზე. მათ ბავშვების კეთილდღეობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ.
მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრი და 24-საათიანი თავშესაფარი ფუნქციონერებს თბილისსა და ქუთაისში. ცენტრები ყოველდღიურად 100 ბავშვს უწევს დახმარებას და უზრუნველყოფს მათ საცხოვრებლით, კვებით, განათლებაზე ხელმისაწვდომობით, ფსიქოემოციური და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებით.
გვახსოვდეს, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს ჯანსაღ და სიყვარულით სავსე გარემოში ცხოვრებასა და განვითარებას! ერთად ვიზრუნოთ მათ კეთილდღეობაზე.
{{reset.message}}