ნინოს ისტორია - ახალგაზარდა ლიდერის საინტერესო გზა წარმატებისკენ
12 აგვისტო

ნინი, 19 წლის ახალგაზრდა გოგონაა თელავის რაიონის სოფელი ქვემო ხოდაშენიდან. მისი  ისტორია არის განვითარების, წინსვლის და მოქალაქეობრივი აქტივიზმის კარგი მაგალითია. მან სკოლა სოფელში დაამთავრა, თუმცა მისი ცხოვრებისეული თავგადასავალი ადრეული ასაკიდან World Vision-ს უკავშირდება.

ყველაფერი ექვსი წლის ასაკში შეიცვალა, როდესაც World Vision საქართველოს (WVG) წარმომადგენელი  ნინის ოჯახს ეწვია და აცნობა, რომ ნინი ბავშვთა სპონსორობის პროგრამაში ჩაირიცხა, რაც იმას ნიშნავდა რომ ის მრავალმხრივ მხარდაჭერას მიიღებდა ორგანიზაციისგან. ნინი სიყვარულით იხსენებს იმ მომენტს, როდესაც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ფოტოს გადაღება სთხოვეს, მან კი პირველი ფოტო პატარა გოჭით ხელში გადაიღო. ეს ფოტო გახდა მისი საინტერესო ცხოვრების წარმატებული დასაწყისი.

ასაკის მატებასთან ერთად, ნინის უფრო აქტიურად ჩაერთო World Vision-ის სხვა პროგრამებშიც. იმ პერიოდში, WV საქართველოს წარმომადგენლები სოფლებში სასკოლო კლუბებს ქმნიდნენ, სადაც ახალგაზრდებს ეძლეოდათ შესაძლებლობა მიეღოთ ცოდნა და განევითარებინათ უნარები სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა პიროვნული განვითარება, ბულინგის პრევენცია, ახალგაზრდების ჩართულობა და სხვა.  აქტიური და ენთუზიაზმით აღსავსე ნინი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც კლუბის აქტივობებში მიიღო მონაწილეობა.  აქ მან ისწავლა ემოციების მართვა და აღმოაჩინა, რომ ჩვენს გარშემო ბევრი სტრესის, შფოთვის გამომწვევი ფაქტორებია, თუმცა არსებობს სხვადასხვა სტრატეგიები, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ სტრესულ სიტუაციებს და მოაგვაროთ კონფლიქტები. ემოციების სწორად მართვა და კონტროლი მისი განვითარების ქვაკუთხედად იქცა, რაც მას დღემდე ეხმარება ცხოვრებისეულ გამოწვევების მარტივად გადაჭერაში.

ჩვენმა ორგანიზაციამ ნინის ასწავლა მთავარი ღირებულებები, როგორიცაა ჰუმანურობა, თანასწორობა, თანაგრძნობა, რომ ყველა იმსახურებს დახმარებასა და მხარდაჭერას. სწორედ, ამ ფასეულობებით ხელმძღვანელობდა ის მომავალშიც. მოგვიანებით, ნინი  სკოლაში ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის წევრი გახდა. ის ატარებდა ტრენინგებს,  ქმნიდა საინტერესო თამაშებს და აქტიურად მუშაობდა მის სკოლასა და თემში ბულინგის შესამცირებლად. ნინის ძალისხმევა დაუფასდა და ერთი წლის განმავლობაში, ბულინგის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო — ყოველივე ეს კი მისი და მისი თანატოლების თავდაუზოგავი შრომის და აქტიურობის შედეგი იყო. მათ სურდათ შეეცვალათ გარემო უკეთესობისკენ, რაც წარმატებით გამოუვიდათ კახეთის ერთ-ერთ პატარა სოფელში.

"World Vision არ იყო მხოლოდ ორგანიზაცია ჩემს ცხოვრებაში; იქ გატარებული დრო იყო საწყისი ჩემი ზრდისა და წარმატებისთვის. სულ ახლახან ჩემი და ორგანიზაციის გზები ისევ გადაიკვეთა, ლიდერების კონკურსში მივიღე მონაწილეობა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის SKYENET-ის ფარგლებში სკაი კლუბის ლიდერად შემარჩიეს. "- ამბობს ნინი.

ახლა, ის SKYE-ს ახალგაზრდულ კლუბს  ხელმძღვანელობს  კახეთში, რომელიც აძლიერებს სხვა ახალგაზრდებს, ეხმარებათ მათ ცოდნის და უნარების განვითარებაში, უწევს მენტორობას სხვადასხვა მიმართულებით. კლუბის ლიდერობა მას ღირებულ გამოცდილებას აძლევს რომ  გაიცნოს და იმუშაოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდულ ლიდერებთან ერთად მათ თემში არსებულ გამოწვევებზე, გაუზიარონ გამოცდილება ერთმანეთს და ერთად იზრუნონ ჯანსაღი გარემოს შექმნაზე, რომელიც არის ტოლერანტული და თანაბარ შესაძლებლობებს აძლევს ახალგაზრდებს. 

SKYEnet პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდების, განსაკუთრებით მოწყვლადი  ახალგაზრდების, აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ, დემოკრატიულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში  მათი ციფრული, სოციალური მეწარმეობისა და კარიერული მართვის უნარების განვითარების გზით. პროექტის მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება და  მათთვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფა, რათა ინოვაციური იდეები მდგრად სოციალურ ბიზნესებად გარდაქმნან. პროექტი ასევე ეხმარება ახალგაზრდა სოციალურ მეწარმეებს, რომელთა საქმიანობა მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების მოგვარებისკენ, ციფრული და მწვანე ტექნოლოგიების გამოყენებით. 

ნინი როგორ ლიდერი პასუხისმგებელია ადგილობრივი ახალგაზრდების მობილიზებასა  აორგანიზებს ყოველკვირეულ სესიებს - ლიდერობის, გუნდი შექმნის, მეწარმეობისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ.  ის დიდი ენთუზიაზმით ეკიდება საკუთარ პასუხისმგებლობებს და ცდილობს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდას გაუკვალოს გზა აქტიური მოქალაქეობისკენ და თავისის საქმიანობით პოზიტიური ცვლილებები მოუტანოს საზოგადოებას. 

მიუხედავად ბევრი პასუხისმგებლობისა, ნინი ამავდროულად თელავის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტია. ის მეღვინეობის მიმართულებით, კვების ტექნოლოგიებს სწავლობს. ეს დარგი მის გულთან ყველაზე ახლოსაა, რადგან მეღვინეობას საუკუნოვანი ტრადიცია აქვს კახეთში, სადაც თითქმის ყველა ოჯახს საკუთარი ვენახი აქვს. გამონაკლისი არც ნინის ოჯახია, ის ბავშვობიდან ჩართულია ყურძნის კრეფა, დაწურვასა და ღვინის დაყენების პროცესში. მან ეს პროფესია სწორედ მამის რჩევის გათვალისწინებით აირჩია და ახლა აღფრთოვანებულია საოჯახო ბიზნესის განვითარების პერსპექტივით. ნინისთვის მამა ყოველთვის იყო მთავარი საყრდენი და მხარდამჭერი, რომელიც მუდამ ეხმარებოდა მას ოცნებების მიღწევაში.

"მე საოცრად მადლიერი ვარ იმ შესაძლებლობებისთვის, რაც World Vision-მა მომცა. მე ნამდვილად მჯერა, რომ ჩემი ცხოვრება სრულიად განსხვავებული გზით წავიდოდა, თქვენი მხარდაჭერის გარეშე. თქვენი ორგანიზაცია ქმნის შესანიშნავ შესაძლებლობებს, და ჩვენ, ახალგაზრდები, მოწადინებულები ვართ გამოვიყენოთ ყოველივე ეს ჩვენი ზრდისთვის და განვითარებისთვის. დღეს მე ვარ ძლიერი, დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც ცდილობს რაღაც ღირებულის შექმნით დადებითი გავლენა მოახდინოს თავის თემსა და ზოგადად ახალგაზრდებზე", – ამბობს ნინი.

ნინის ისტორია მუდმივი განვითარების, წინსვლის, მხარდაჭერისა და მონდომების დასტურია. მისი თავგადასავალი, პატარა სოფლის სკოლიდან ახალგაზრდული კლუბის წარმატებულ ლიდერამდე, ნამდვილად შთამაგონებელია. ის ბევრი ახალგაზრდისთვის მისაბაძი ადამიანია. ნინი ახლაც აგრძელებს სხვა ახალგაზრდების მხარდაჭერას და სჯერა, რომ არსებული რესურსების სწორად გამოყენებით, შრომით და მონდომებით, ყველაფერი შესაძლებელია.