"ერთად“ პროექტის ფარგლებში შეიქმნა და გადამზადდა მასტერ ტრენერთა გუნდი სიღარიბის დაძლევის UPG მიდგომის დანერგვისთვის
15 ივლისი

„ერთად ოჯახების გაძლიერებისთვის“ პროექტის ფარგლებში, საგანმანათლებლო ჰაბის მიერ 40 მასტერ ტრენერი გადამზადდა. მასტერ ტრენერებად შეირჩნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები და ასევე, ლტოლვილთა დანიის საბჭოს მენტორები და World Vision საქართველოს ფასილიტატორები.

ტრენინგები ჩატარდა 6-დან 13 ივლისის ჩათვლით და მოიცავდა სიღარიბის დაძლევის მეთოდოლოგიის (UPG) შესავალ  პრინციპებს, ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგიასა და მიდგომებს, ასევე პროექტის პრიორიტეტულ მიმართულებებს - სოციალური დაცვა, სოციალური გაძლიერება, მეწარმეობა და ფინანსური წიგნიერება.

სასწავლო კურსის მიზანია კვალიფიციური პროფესიონალების მომზადება, რომლებიც შეძლებენ მოწყვლად ოჯახებთან მომუშავე პირებისთვის მაღალი ხარისხის ტრენინგის ჩატარებასა და კვალიფიციური მხარდაჭერას კონკრეტულ სფეროსა ან მიმართულებაში. ინტენსიური ტრენინგ-კურსი შემუშავდა სპეციალურად მასტერ ტრენერებისთვის და მოიცავდა როგორც შესაბამისი სფეროს სწავლების თეორიულ ნაწილსა და პრაქტიკულ მიდგომებს, ასევე, ტრენერებისთვის საჭირო კომპეტენციებისა და უნარების გასაუმჯობესებელ ინსტრუმენტებს.

პროექტის ფარგლებში გადამზადებული მასტერ ტრენერები თავის მხრივ, გადაამზადებენ 39 ოჯახის გაძლიერების კონსულტანტს და 160 საჯარო მოხელეს, რაც ხელს შეუწყობს პროექტის მდგრადობას და ცოდნის გავრცელების სისტემური მიდგომების დანერგვას, რათა UPG მოდელი ჩამოყალიბდეს ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის გზაზე.

სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს მასტერ ტრენერის სერტიფიკატი გადაეცა.

ქეთი ფაცაცია, პროექტის მენეჯერი, ლტოლვილთა დანიის საბჭო: „ახლადდანერგილი ინსტრუმენტების, გამოცდილებისა და სისტემების პილოტად გამოყენებისთვის შექმნილია საგანმანათლებლო ჰაბი, რომელიც წარმოადგენს მრავალგანზომილებიან ინტეგრირებულ ცოდნის პლატფორმას და კოორდინაციას უწევს ძირითადი  და დამხმარე საკონსულტაციო ჯგუფების  ხელშეწყობით სასწავლო რესურსის შექმნას. საგანმანათლებლო ჰაბი მოიცავს - მასტერ ტრენერებს, მენტორებს და ფასილიტატორებსა და ოჯახთან მომუშავე პირებს - კონსულტანტებს და სხვა. საგანმანათლებლო ჰაბისთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო შესაბამისი მასტერ ტრენერების შერჩევა პარტნიორ სააგენტოებს შორის და მათი გადამზადება. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა მონაწილეთა აქტიურმა ჩართულობამ, მოტივაციამ, ნდობამ და მზაობამ, როგორც ტრენერების უწყვეტი გაუმჯობესებისა და სრულყოფილებისკენ, რათა თითოეულმა საკუთარი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს სიღარიბის დაძლევის ამ პროცესში.“


შეხვედრის დასასრულს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა თეა გვარამაძემ მადლობა გადაუხადა პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებს World Vision საქართველოს და DRC-ს. მან ხაზი გაუსვა, რომ საგანმანათლებლო რესურსის შექმნისა და გავრცელების მექანიზმის შექმნა და UPG მოდელის ოთხივე მიმართულებით  სოციალური მომსახურების სააგენტოს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს და დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს თანამშრომლების მასტერ ტრენერებად გადამზადება, ერთი მხრივ, გაზრდის მათ  კომპეტენციებსა და შესაძლებლობებს შესაბამისი მიმართულებებით და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნის გამოყენებას პროექტის ფარგლებში არსებული აქტივობების შესაბამისად.

“ჩვენი ერთობლივი პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში სიღარიბის დაძლევას კონკრეტული მეთოდოლოგიის გამოყენებით. გარდა იმისა, რომ ვაძლიერებთ პროგრამაში ჩართულ ოჯახებს 4 ძირითადი მიმართულებით (სოციალური დაცვა, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა,ფინანსური განათლების ხელშეწყობა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა) ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მეთოდოლოგიის მიმართულებების დანერგვის ხელშეწყობაა, როგორც ადგილობრივ ისე ცენტრალურ დონეზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრენინგის მონაწილეთა უმრავლესობა სახელმწიფოს შესაბამისს სააგენტოებს წარმოადგენდა, რაც სამომავლოდ პროცესის მდგრადობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ნაწილია. ვინაიდან მეთოდოლოგია და მიდგომები ახალია, ჩვენ მუდმივად ვახდენთ განხორციელების პროცესში საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენას და პროცესის სრულყოფას, იმისათვის, რომ პროექტის დასრულების შემდგომ, სახელმწიფოს შესაბამისმა სააგენტოებმა შეძლონ მეთოდოლოგიის დამოუკიდებლად განხორციელება, კოორდინირება და თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების შესაბამისად. ტრენინგის პროცესში მივიღეთ ძალიან კარგი უკუკავშირი, რის საფუძველზეც დაიხვეწება როგორც სატრენინგო მოდული, ასევე მთლიანი პროცესი. სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად დავგეგმეთ სამომავლო საქმიანობებიც, რომელიც ხელს შეუწყობს მეთოდოლოგიის დანერგვას და პოპულარიზაციას ჩვენს ქვეყანაში.” - ნინო ლომიძე, World Vision საქართველო.

პროექტს „ერთად – ოჯახების გაძლიერებისთვის” ახორციელებს კონსორციუმი, რომლის შემადგენლობაში არიან World Vision გერმანია (WV), World Vision საქართველო, ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC) საქართველოში და საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (SSA). პროექტი ხორციელდება შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.