ორგანიზაციის განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით
14 მაისი

World Vision საქართველო იზიარებს საზოგადოების წუხილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანეს როლს და საქმიანობას.

World Vision საქართველო, თითქმის 30 წელია, რაც აქტიურად მუშაობს ყველაზე მოწყვლადი ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად და წარმოადგენს სანდო პარტნიორს ბავშვთა დაცვის სფეროში. ორგანიზაციას დღემდე არაერთი პროექტი აქვს წარმატებით განხორციელებული საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით სისტემებისა და მნიშვნელოვანი სერვისების გაუმჯობესების მიზნით, რაც სრულ შესაბამისობაშია ქვეყნის ეროვნულ პრიორიტეტებთან.

ვამაყობთ, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე თავდადებით, სრული გამჭვირვალობითა და მიუკერძოებლობით ვასრულებდით ჩვენს საქმიანობას და ერთგული დონორების მხარდაჭერით ვაგრძელებთ მუშაობას ბავშვებისა და მოწყვლადი თემების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

ამ გარდამტეხ ეტაპზე, მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, პრიორიტეტი მიანიჭონ ბავშვებსა და იმ ოჯახებს, რომელთა კეთილდღეობაზეც ერთობლივად ვზრუნავთ. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ისეთი გარემოს უზრუნველყოფა, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები შეძლებენ მიუკერძოებლად და შეუფერხებლად ფუნქციონირებას, ქვეყნისა და საზოგადოების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 

ვრჩებით ჩვენი მისიის და პრინციპების ერთგული - ვემსახუროთ და ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.