მარიამის ისტორია - World Vision საქართველოს კარი 6 წლის წინ შევაღე და დიდი შესაძლებლობების სამყაროში შევაბიჯე
16 აგვისტო

World Vision საქართველოს კარი 2016 წელს შევაღე და დიდი შესაძლებლობების სამყაროში შევაბიჯე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ 16 წლის ასაკში ამხელა გამოცდილებას მივიღებდი, რომელიც სამომავლოდ დამეხმარებოდა სწორი ნაბიჯების გადადგმაში. 

პირველი პროექტი, რომელშიც ჩავერთე იყო ,,სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა მდგრადი და ეფექტური გადაწყვეტილებებისათვის“(SYNCS), რომელიც 2016 წლიდან -2018 წლამდე ხორციელდებოდა World Vision-ის მიერ და აერთიანებდა 12 მუნიციპალიტეტს. აღნიშნული პროექტიდან დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები სამოქალაქო აქტიურობის მიმართულებით.

SYNCS-ის ფარგლებში, შევიძინე მეგობრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მივიღე მეტი ინფორმაცია ახალგაზრდული საქმიანობის, ახალგაზრდების მონაწილეობის, ადვოკატირების შესახებ, განვივითარე ლიდერობის, გუნდური მუშაობის უნარები. 
ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ეტაპი, ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი იყო.

ტრენინგების შემდეგ, ჩვენს თემში ჩავატარეთ მინი-კვლევა, ჩამოვაყალიბეთ კონკრეტული პრობლემები და რეკომენდაციები და გავაცანით ქ. ზუგდიდის მერიის ახალგაზრდულ სამსახურს. ეს იყო, პირველი დიდი გამოცდილება, რომლის ფარგლებშიც მოგვიწია გარკვეული ინფორმაციის მოძიება, გამგეობაში სიარული, კვლევის წარმოება, ანალიზი, პროექტირება და ა.შ. პროცესი იყო სასიამოვნო, დამღლელიც და მამოტივირებელი.

აქ ვისწავლე, რომ  გარკვეული სირთულეების მიუხედავად, არასდროს უნდა დანებდე და შეძლო გამოხვიდე კომფორტის ზონიდან. 

2017 წელს ამავე პროექტის ფარგლებში, მონაწილეობა მივიღე ახალგაზრდულ ბანაკში, რომელიც სოფელ ფონაში ჩატარდა. პროექტის მიზანს სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაციის გზით ადგილობრივი თემის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა. დღესაც მახსოვს ის ემოციები, რაც აღნიშნული ტრენინგებიდან მივიღე. 

ვფიქრობ, რომ აუცილებელია ახალგაზრდებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის პირებს შორის აქტიური კომუნიკაცია არსებობდეს, ზუსტად ამ პროცესებს ჩაუყარა საფუძველი აღნიშნულმა პროექტმა. ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები სკოლის დირექტორებთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გავდიოდით ტრენინგებს. პროექტმა მასწავლა, რომ არსებული რეალობის შეცვლა, მხოლოდ ჯანსაღი კომუნიკაციით და დიალოგით არის შესაძლებელი. 

2018 წელს, მივიღეთ მონაწილეობა საგრანტო კონკურსში,  რომლის ფარგლებში თემში არსებულ სკოლას (რუხს), გადაეცა წიგნები, ხოლო განსხვავებული საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის გადმოგვეცა  ნოუთბუქი, წიგნები, სამაგიდო თამაშები. ამ პროექტმა მაჩუქა ემოციები, ჩემი  მეგობრების გაღიმებული და მადლიერი სახეები. იმ დღიდან კი ვფიქრობ, რომ არასდროს უნდა შევწყვიტო საკუთარი შესაძლებლობებისა და გამოცდილების გაზიარება/გამოყენება იმისათვის, რომ სხვას მივცე შესაძლებლობა განვითარდეს, მიიღოს მონაწილეობა, მოტივაცია და თავად გახდეს თანატოლების მოტივატორი.

SYNCS-ის პროექტის დასრულების შემდეგ, მივხვდი რომ მე უკვე მქონდა ინფორმაცია, კონტაქტები და საბაზისო უნარები რომ გამეგრძელებინა სამოქალაქო აქტივობებში აქტიური ჩართულობა. გავწევრიანდი რამდენიმე ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, გავხდი არაერთი პროექტის ინიციატორი და განმახორციელებელი.  

პარალელურად, არ შემიწყვეტია World Vision საქართველოს ფარგლებში ორგანიზებულ პროექტებში მონაწილეობის მიღება. 
2020 წელს გავხდი ქ. ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს წევრი. WV საქართველოსა და სათათბიროს აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა არაერთი ტრენინგი, სამუშაო შეხვედრა ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე. ასევე, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სასწავლო ვიზიტით ვიმყოფებოდი ქ. ბერლინში, გერმანიაში. ბერლინში ვიზიტი, იყო ჩემი ერთ-ერთი დიდი გამოცდილება, რადგან ვნახე, როგორ მუშაობენ ახალგაზრდული ორგანიზაციები და ახალგაზრდულ საბჭოები.  ვიხილე თუ  როგორი უნდა იყოს ახალგაზრდებზე მორგებული გარემო. ამ ვიზიტმა ახალგაზრდულ თემში ცვლილებების განხორციელების მოტივაცია მომცა. მომცა სურვილი, რომ ახალგაზრდებს დავანახო მათი ძალა და  შესაძლებლობები.

აღნიშნულმა გამოცდილებამ მიბიძგა, რომ ჩემი წვლილი შევიტანო არა მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი საქართველოს ახალგაზრდების განვითარებაში. გამიჩნდა იდეა, რომ ჩამომეყალიბებინა ახალგაზრდული საბჭოების ასოციაცია, რომელიც ორიენტირებული იქნება მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული საბჭოების  გაძლიერებაზე, მათ შორის გამოცდილების გაზიარებაზე, საბჭოებისა და მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რის საფუძველზეც ერთიანი ძალისხმევით შეიცვლება რეალობა უკეთესობისაკენ. 

დღეს ვმუშაობ ქ. ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ახალგაზრდული პროგრამების სამსახურში და ვცდილობ ის ინვესტიცია, რაც წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციამ ჩადო ჩემში, სწორედ აქ, ჩემს მუნიციპალიტეტში, ჩემს ქვეყანაში აქტიურად გამოვიყენო.

World Vision საქართველოს პროექტებში ჩართულობა ეს არის საუკეთესო გამოცდილება, მეგობრები საქართველოს ყველა კუთხიდან, ეს არის ემოციები, პასუხისმგებლობაა, სამოქალაქო აქტივიზმი და  ეს არის, ახალგაზრდული მუხტი!

მარიამ თოდუა  - ქ. ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ახალგაზრდული პოლიტიკის კვლევის და ანალიზის წამყვანი სპეციალისტი, World Vision საქართველოს ახალგაზრდული პროგრამების აქტიური წევრი.