ელისოს ისტორია - ქალთა გაძლიერება სიღარიბის დასაძლევად
09 დეკემბერი

საქართველოში მიმდინარე შიდა კონფლიქტების შედეგად, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იძულებით გადაადგილებული პირია. დღეს, ისინი საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 11%-ს შეადგენენ და მათი სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია დღემდე საქართველოს მთავრობის კომპლექსურ გამოწვევად რჩება. ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული ჩვენი კამპანიის ფარგლებში, დღევანდელი ჩვენი ისტორიის მთავარი გმირიც, ელისო ჟვანია, ერთ-ერთი დევნილი ქალია, რომელსაც უკიდურეს გაჭირვებასთან მოუწია მარტოდმარტო შეჭიდება. 

ქალი, რომელმაც სულ რამდენიმე დღეში დაკარგა სახლ-კარი, მშობლიური ქალაქი, სოციალური სტატუსი და ოჯახური სიმყუდროვე, იძულებით, უმისამართოდ გაუდგა გზას დედაქალაქისკენ, გზას გადარჩენისკენ და ახალი რეალობისკენ. ელისო  დევნილი ქალბატონია, რომელიც არ დანებდა და საკუთარ თავში იპოვა ძალა, რომ ახალ გარემოში, კვლავ ფეხზე დამდგარიყო და საკუთარი ოჯახი ერჩინა.

49 წლის ელისოს საოცნებო პროფესიის დაუფლებისა და კარიერული განვითარებისკენ სწრაფვა ომმა და დევნილობამ შეიწირა ისევე, როგორც მისი სხვა ადამიანური მისწრაფებანი. პანდემიის დადგომამ კი, კიდევ უფრო კრიტიკულ ნიშნულამდე მიიყვანა მისი ოჯახის ეკონომიკური სიდუხჭირე. 

ელისო თავის თინეიჯერ ქალიშვილთან, 14 წლის მაიასთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. მისი შემოსავალი ქირის გადასახადისა და მინიმალური საჭიროებების უზრუნველყოფასაც არ ჰყოფნიდა.  როგორც თავად იხსენებს, სახლში მხოლოდ პური და ხახვი ჰქონდათ საკვებად, თავი რომ გაეტანათ. სწრაფი გამოსავალის ძიებაში ელისომ გადაწყვიტა, დაკავებულიყო სამუშაოთი, რომელიც ყოველდღიური შემოსავლით უზრუნველყოფდა მას და მის ოჯახს. არჩევანი ბინების დალაგებაზე შეაჩერა,  რაც კრიზისული მდგომარეობიდან თავის დაღწევის დასაწყისი აღმოჩნდა. მალე კმაყოფილი კლიენტების რიცხვმაც იმატა და შემოსავალიც გაჩნდა.

2021 წლიდან ოჯახი ჩაერთო World Vision საქართველოს ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების პროგრამაში „ერთად დავძლიოთ სიღარიბე“, რომლის ფარგლებშიც მას გადაეცა დალაგებისთვის საჭირო ინვენტარი, მშრალი და სველი წმენდის აპარატი, ორთქლით წმენდის დანადგარი და სხვა საშუალებები. აღნიშნულმა აღჭურვილობამ ელისოს საშუალება მისცა შემოსავლის წყარო სერვისად გარდაექმნა და ემუშავა სარემონტო სამუშაოების შემდგომ დალაგებაზე, რაც უფრო მეტად შემოსავლიანია, ვიდრე ბინებისა და სადარბაზოების დასუფთავება. 

დღეს ელისო ახალგარემონტებულ ბინებს ალაგებს და მისი შემოსავალი ყოველგვარი დახმარების გარეშე ფარავს გადასახადებსა და საბანკო ვალდებულებებს. მან ისიც შეძლო, რომ საკუთარი ქალიშვილი ახალი ტელეფონით დაესაჩუქრებინა, რომელიც განვადებით შეიძინა.

„ხშირად ვხუმრობ ხოლმე, ბანკთან ისე ცუდი ისტორია მქონდა, მე კი არა ჩემი მოგვარეც რომ შესულიყო ვინმე ნებისმიერ ბანკში, მასაც კი არ მისცემდნენ სესხს. ახლა კარგი გადამხდელი ვარ, ბანკიც მენდობა და სესხის აღების საშუალებას მაძლევს. ჩემი შვილისთვის ტელეფონი განვადებით გამოვიტანე,  რომ ის დისტანციური სწავლების პროცესში ჩართული ყოფილიყო. “ - ამბობს ელისო. 

ელისოს, ისევე, როგორც ნებისმიერი დედის გულითადი სურვილია, რომ მის ქალიშვილს უკეთესი მომავალი შეუქმნას, ამიტომ არც ენერგიას და არც ფინანსურ შესაძლებლობას არ იშურებს, რათა მას კარგი განათლება მისცეს. მაიას სხვადასხვა საგნებში ამზადებს. ისიც დედის მსგავსად ბიზნესის მართვით არის დაინტერესებული და  სამომავლოდ გეგმავს მის დახმარებას ბიზნესის უკეთ განვითარების პროცესში.

„ჩემი ცხოვრება შეიცვალა, რასაც მინდა ვყიდულობ და აღარ მეშინია ყოველი თვის ბოლოს მოახლოებული რიცხვის, როდესაც ქირის გადახდა მიწევს. ჩემს მეგობრებსაც ვასაქმებ, როცა იმდენად ბევრი შეკვეთა შემომდის, რომ მე თვითონ ვერ ვუმკლავდები. უკვე შემოსული მოგებიდან სარეცხი მანქანაც კი შევიძინე, რაც მეხმარება, დავზოგო ჩემი დრო და ენერგია და გავრეცხო ტილოები შემდგომი სამუშაო დღისთვის.“

ამ ეტაპზე გრძელდება ელისოსა და World Vision-ის თანამშრომლობა ბიზნეს უნარების განვითარების კუთხით, ამ მხრივ ელისო აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახის ტრენინგებში, კონსულტაციებს გადის იმისთვის, რომ წამოწყებული საქმიანობა სერვისად გარდაქმნას და სტარტაპ ბიზნესი დაიწყოს.  მას უკვე ჰყავს გარშემო სხვა ქალები, რომლებიც მზად არიან ელისოსთან ითანამშრომლონ და მცირე ბიზნესის წამოწყებაში დაეხმარონ.